ახალი ამბები

მშენებლობაზე, სადაც მუშებს დამცავი თოკების გარეშე ამუშავებდნენ, სიმაღლეზე სამუშაოები შეჩერებულია

15 აპრილი, 2019 • 4124
მშენებლობაზე, სადაც მუშებს დამცავი თოკების გარეშე ამუშავებდნენ, სიმაღლეზე სამუშაოები შეჩერებულია

შენობაზე, სადაც ადამიანები მე-4 სართულთან ისე ღებავდნენ გარე ფასადს, რომ შენობაზე დამაგრებულები არ ყოფილან, სიმაღლეზე სამუშაოები დროებით გაჩერებულია. მშენებელმა ხარაჩოების უსაფრთხოებაზე საექსპერტო დასკვნა უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც სამუშაოს გაგრძელების უფლება ექნება.

სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ნეტგაზეთმა 11 აპრილს მერიის მუნიციპალურ ინსპექციასა და შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტს მიმართა. მას შემდეგ, მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე, მშენებლობაზე არსებულის ხარვეზების ნაწილი გამოსწორდა.

15 აპრილისთვის სამშენებლო ობიექტს, იმ მხარეს, რომლის ფასადსაც ღებავდნენ, უკვე შემორტყმული აქვს სამშენებლო ბადე, რასაც მტვრისა და სხვადასხვა ნივთების სამშენებლო ტერიტორიის გარეთ მოხვედრის თავის ასარიდებლად ჰკიდებენ ხოლმე; ბადეს გარკვეულწილად მუშების გადმოვარდნისგან დამცავი ფუნქციაც აქვს.

ობიექტთან ახლა უკვე გაკრულია ბანერი, რომელზეც წერია, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს და ვინ ასრულებს მას, რაც აქამდე გაკრული არ ყოფილა. გაკრულია უსაფრთხოების მოთხოვნებიც — რომ აუცილებელია სპეციალური ფეხსაცმლის ჩაცმა, ჩაფხუტის დახურვა და ამრეკლი ტანსაცმელი.

როგორც ზედამხედველობის სამსახურის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, კომპანიას ასევე დაავალეს ხარაჩოებზე საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა (რომელიც უნდა აჩვენებდეს, რამდენად სწორად/უსაფრთხოდ არის ხარაჩოები მოწყობილი); სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, ანუ სანამ კომპანია ხარაჩოებზე დასკვნას არ წარმოადგენს, სამუშაოების განახლების უფლება არ აქვს.

რა შენობაა?

შენობა თბილისში, აღმაშენებლის გამზირთან ახლოს, ლუი პასტერის #7-ში მდებარეობს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომპანიას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ ეკუთვნოდა. წლების წინ აქ იყო განთავსებული სააგენტო “ინფო 9″. „ქართუმ“ შენობა 2018 წელს მიჰყიდა კომპანია „1920-ს”.

ახლადგარკულ ბანერზეც სამუშაოების დამკვეთად „1920“ ფიქსირდება, სამუშაოების ფუნქცია არსებული საოფისე შენობის რეკონსტრუქციაა. მშენებლობის ნებართვა მერიის არქიტექტურის სამსახურს აქვს გაცემული 6 თებერვალს. მშენებლობის დაწყების თარიღადაც 6 თებერვალია მითითებული, ხოლო დასრულების თარიღად — 6 აგვისტო. შენობა 22.3 მეტრის სიმაღლისაა.

თუმცა უშუალოდ სამუშაოებს აწარმოებს არა „1920“, არამედ დაქირავებული კომპანია „ჯიემელი“. ამ კომპანიის თანამფლობელი და დირექტორი იგივე ადამიანია, ვინც „1920“-ის 25%-იან წილს ფლობს — ლევან გეგეშიძე.

შპს „1920“, რომელიც შენობის ამჟამინდელი მფლობელია, 2018 წლის 24 სექტემბერს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში. მისი 25-25%-იანი წილები აქვთ მოქალაქეებს, გიორგი როინიშვილსა და ლევან გეგეშიძეს; 50%-იან წილს კი კომპანია „თბილი სახლი“ ფლობს.

„თბილი სახლი“ 2001 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 60%-ს ლევან და მალხაზ კურტანიძეები ფლობენ, დანარჩენ 40%-ს კი- რუდოლფ ნაზაროვი. ამ კომპანიას, მათი საიტის თანახმად, ნამუშევარი აქვს ქუთაისის პარლამენტის, 112-ის, „ბარამბოს“, „კარფურის“, რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და სხვა მრავალ შენობაზე. მუშაობის სფერო მოიცავს მექანიკური (გათბობა-ვენტილაცია), წყალგაყვანილობის, ამწე-სატრანსპორტო, ელექტრობისა და სუსტი დენების სისტემების გაყვანას.

[red_box]შეესწარით შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას? მოგვწერეთ![/red_box]

თუ დაინახავთ, რომ მშენებლობაზე ან სხვა სამუშაოს შესრულებისას შრომის უსაფრთხოების პირობები დაცული არ არის — მუშებს არ ახურავთ ჩაფხუტები, არ არიან შენობაზე დამცავი თოკებით დამაგრებული, ან სხვა რამე მოგხვდებათ თვალში — გადაუღეთ ფოტო/ვიდეო და გამოგვიგზავნეთ.

თუკი ფოტო-ვიდეოგადაღების შესაძლებლობა არ გაქვთ, ან ვერ მოახერხეთ, უბრალოდ, მოგვწერეთ სამშენებლო ობიექტის მდებარეობა/მისამართი. ჩვენ აუცილებლად მოვიკითხავთ შესაძლო დარღვევებს როგორც მშენებელთან, ისე ზედამხედველ ორგანოებთან.

ნეტგაზეთს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:


ამასთან, შეგიძლიათ თვითონაც დაუკავშირდეთ ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს. თუ ობიექტი, სადაც სავარაუდო დარღვევას დაინახავთ, დედაქალაქში მდებარეობს, შეგიძლიათ თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციასაც დაუკავშირდეთ.

შრომის ინსპექციის დეპარტამენტს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფეისბუქზე, ან ნომერზე: 15 05

თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 0322 72 22 22

მასალების გადაბეჭდვის წესი