ახალი ამბები

ISIS-ის ქართველი მოჯაჰიდის მოტივაცია, პრობლემები და მუქარა

13 ოქტომბერი, 2014 • 3413
ISIS-ის ქართველი მოჯაჰიდის მოტივაცია, პრობლემები და მუქარა

თამაზ ჭაღალიძე, 2014 წელი, პირადი არქივი
თამაზ ჭაღალიძე, 2014 წელი, პირადი არქივი

– ხელისუფლების ცვლის შემდეგ ღიად დაიწყო ფართომასშტაბიანი აგრესია, მანამდე ფარულად გვებრძოდნენ. რაც შეეხება პირადად ჩემს საკითხს, მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ, რომელიც ებრძოდა მიშას [სააკაშვილი] ხელისუფლებას, ვერაფერი შევცვალე, სამაგიეროდ ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩემ მიმართ აგრესიული კამპანია დაიწყო იმ მოტივით, რომ მე ვიყავი ფუნდამენტური ისლამის მიმდევარი.

ღიად ვაცხადებ, ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის შარიათი, ჩვენ არ ვაღიარებთ სხვა კანონს, მართალია, ისლამური ინტერესის გატარებას ვცდილობდი საქართველოში, მაგრამ ისეთი ფორმით, რაც საქართველოს არ დააზარალებდა. თუმცა მშვიდობიანი ფორმები ხელისუფლებისა და საპატრიარქოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მათ აირჩიეს ბინძური თამაშის წესები, რითაც ჩვენ გვისწორდებოდნენ, მაგალითად, შექმნეს მუსლიმანური ორგანიზაციები, რომლებიც არამუსლიმებს დააფუძნებინეს, დავყავდით დაკითხვაზე მეც და ჩემი მეგობრებიც, ეგრეთ წოდებული “შავი სია” ჰქონდათ. იძახდნენ, ასეთი წვერითა და ჩაცმულობით საფრთხეს უქმნით კულტურასო, – თურმე ტურისტებისთვის ცუდი ვართ, უშნო ვართ, ქუჩაში რომ გამოვდივართ. გვეუბნებოდნენ, რომ უნდა გაქრეთ, დაიმალოთ, როგორც გინდათ ისე აორთქლდით, ან ჩვენ დაგამტვრევთ ძვლებსო.

მე ყველა ფაქტზე ვწერდი `ფეისბუქში~, შეგიძლიათ დაათვალიეროთ 2013 წლის ჩემი ფეისბუქის გვერდი და ნახავთ, რომ არ ვიტყუები. ბევრი მუქარის შემდეგ გადავწყვიტე ქვეყნიდან წამოსვლა, რადგან ვიცოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჯიბეში ტანკს აღმომიჩენდნენ, რასაც, ალბათ, საზოგადოება ადვილად დაიჯერებდა.

მუსლიმანებს 100 პროცენტით უარყოფითად აჩვენებს ტელევიზია და პრესა, რაც ძალიან სამწუხაროა – მტრის ხატს ხატავენ ჩვენგან. არავინ ფიქრობს, ამ შედეგებამდე ადამიანი რომ არ უნდა მიიყვანო. როგორც ქართველ მუსლიმანს არ მსურდა, არ მსურს და არ ვისურვებ, რომ მოხდეს საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება, მაგრამ ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას – დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს შეეძლო საკუთარ მოქალაქეებთან არ ყოფილიყო მიკერძოებული. დახმარებას მუსლიმები მთავრობას არ ვთხოვდით, რადგან ჩვენ დახმარებას ალლაჰისგან ველით, მაგრამ მათ ეს ჩათვალეს მუსლიმანური საზოგადოების ლაჩრობად.

მათთვის სრულიად მისაღები იყო ჩვენი ლოთობა, ნარკომანია, ქუჩური გარჩევები, ოღონდაც არა ისლამი. მაგრამ ჩვენმა სამეგობრომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ჭაობიდან ახალგაზრდობა ამოგვეთრია და ეს შევძელით – ბევრი ადამიანი, რომელიც ლოთობდა, საკუთარ დედას იგინებოდა, დღეს წვერს ატარებს, დღეში ხუთჯერ ლოცულობს, არ ბილწსიტყვაობს, ვინმეს არ შეურაცხყოფს, უყვართ ირგვლივ მყოფები და არავის მიმართ სიძულვილს არ აფრქვევენ.

 

როდის დაინტერესდა სამართალდამცავები თქვენით ?

მაგალითად, გვქონდა შემთხვევა, როცა წელს, ლოცვის შემდეგ ბათუმის მეჩეთიდან გამოსულები გაგვაჩერეს მესამე განყოფილების წინ, ხუთი-ექვის ბიჭი ვიყავით. წაგვიყვანეს განყოფილებაში, სადაც შეურაცხგვყვეს სიტყვიერად და ფიზიკურად. თუ არ ვცდები 6 ივნისს იყო. მივმართეთ გიორგი ჩარკვიანს (სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში), განცხადება წავიდა უჩა ნანუაშვილის სახელზე.

ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ საღვთო ომს ანუ ჯიჰადს, რასაც მუსლიმანები აწარმოებენ მხოლოდ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მათ ებრძვიან. თუმცა, არავინ კითხულობს, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი.

რამ გამოიწვია?

საქართველოს მაგალითზე ვისაუბროთ, საქართველოში რამდენიმე მეჩეთი დახურეს, მაგალითად, სამთაწყაროსა და წინწყაროში. დახურეს ბინძური მეოდებით, – სამეზობლო დაპირისპირება, შურისძიება, გადაადგილების შეზღუდვა… ბევრი მექანიზმი აქვს სახელმწიფოს. სამწუხაროდ, საპატრიარქოსთან არსებობენ ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ისლამის დასამარხად – ამ განცხადებაზე საკუთარი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გავიხსენოთ აჭარლების მიგრაცია წალკის რაიონში: წლები გავიდა და მათ მიწას არ უკანონებენ, იმიტომ, რომ აჭარლებმა წალკის სამუფთო შექმეს, მეჩეთი გააკეთეს და ეს ეჩვენებათ საფრთხედ… საფრთხე მართლაც შეძლება იყოს, თუ კიდევ ასე გაგრძელდება, ყველა ქვეყანაში – ავღანეთი ავიღოთ, ერაყი, სირია, ნებისმიერ სახელმწიფოში, უთანხმოება ისლამისტებსა (როგორც ესენი უწოდებენ) და დანარჩენ ხელისუფლებას შორის ასეთი უკმაყოფილობებიდან გამომდინარე დაიწყო. რაც მოხდა ლაფანყურში – მუსლიმანების სისხლის ღვრა – არ დავიწყებია არავის, არც ადიგენის მოვლენა, არც ჭელა. ამას დაემატა ქობულეთში მუსლიმანურ სასწავლებელთან დაწესებული ბლოკადა. დიახ, ამის უკან დგას საპატრიარქო.

დღეს პროთურქული მიმართულების მუსლიმანებსაც კი პრობლემებს უქმნიან – სდევნიან, ემუქრებიან, აშანტაჟებენ. სარფის გზაზე ჩემი რამდენიმე მუსლიმი ძმა დაიჭირეს – უმოწყალოდ სცემა ხელშეკრული ბიჭები ვინმე გია ბოლქვაძემ, რომელსაც მეტსახელად ზუზუთი იცნობენ (ანტიტერორისტულ განყოფილებაში მუშაობს). აგინებდნენ როგორც შუამავალზე, ისე რწმენაზე. ამის მოთმენა შეუძლებელია. თუ ასე გააგრძელებენ სულში ჩაფურთხებას, როგორც მე მივიღე წამოსვლის გადაწყვეტილება, ისე მოიქცევა სხვაც.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეაჩერონ მუსლიმების წინააღმდეგ კამპანია, იმ საზოგადოების ზომბირება, რომლებიც გამოჰყავთ ტელევიზორებში და თითქოსდა მოქალაქეების წინააღმდეგობად აჩვენებენ. არავის არც ვემუქრები, არც ვაშინებ, მაგრამ ისლამი არის რელიგია, რომელიც არც ერთი მუსლიმანის ჩაგვრას არც უყურადღებოდ დატოვებს და არც უპასუხოდ. ადრე თუ გვიან პასუხს ყველას გასცემენ.

მე მინდოდა საქართველოში მშვიდობა ყოფილიყო, ნორმალურად გვეცხოვრა. ჩვენ ყველაფერს მოთმინებით ვიტანდით, რადგან ისლამი მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსება და შესაძლოა უახლოეს მომავალში სულ სხვაგვარად განვითარდეს მოვლენები. კიდევ ერთხელ ვამბობ – არ მსურს, რომ ეს მოხდეს. არ მინდა ჩემი ქვეყნის, ჩემი ერის მოქალაქეები დაზარალდნენ, მაგრამ მუსლიმებისა და არამუსლიმების დაპირისპირება დაწყებულია და სისხლის ღვრამდე მიაღწევს ეს ყველაფერი, თუმცა პროცესის შეჩერება ჯერ კიდევ შეიძლება. ვაფრთხილებ საპატრიარქოსა და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობენ, შეაჩერონ ეს ყველაფერი. საქართველოში არ ვითარდება ისლამის ის მიმართულება, რომ ჩათვალონ საფრთხედ, ჯიჰადისტურ მოძრაობად.

რამდენი წელია, რაც ისლამის ეს ფორმა აირჩიეთ?

ოთხი წელია, რაც მონანიება გავაკეთე ღმერთის წინაშე, უარვყავი ის ცხოვრება, რომელიც ღმერთისთვის მიუღებელია – მხედველობაში მაქვს აზარტული თამაშები, ალკოჰოლი… ვერავინ იტყვის, რომ ვინმესთვის რამე დამიშავებია. პირიქით, ჩემი მორწმუნეობის პერიოდში ადამიანის, მათ შორის ქრისტიანებისა და ალბათ ათეისტების, განსაკუთრებით კი ეკომიგრანტების უფლებებისთვის ვიბრძოდი.

თქვენ თქვით, რომ გინდათ ლიბერალებმა, ვისთან ერთადაც იყავით, გაიგონ თქვენი ხმა. ვის გულისხმობთ და რისი თქმა გინდათ?

ვცდილობდი ბევრ არასამთავრობოსთან მუშაობას, ბევრს მადლობასაც გადავუხდი. მიუხედავად ჩემსა და სამუფთო სამმართველოს იდეოლოგიის რადიკალური სხვაობისა (სამუფთო სამმართველოს ხელმძღვანელობენ ხელისუფლების მიერ დასმული ფორმალური მუსლიმანები, რომლებიც ისლამს აცდენილები არიან ), ვინც მაგათ მხარს უჭერს, მადლობა მინდა გადავუხადო. ხოლო ვისთანაც წლების განმავლობაში ვსაუბრობდი, რომ დაპირისპირება მოხდება, მინდა გაიგონ, რომ ეს ბრძოლა თვითონ უნდა შეწყვიტონ. ჩვენ უსამართლოდ არავის შევებრძოლებით, არ გვწყურია სისხლის ღვრა, პირიქით ისლამი მშვიდობას, ტოლერანტობას, შემწყნარებლობას ქადაგებს. თუმცა, ასევე მუსლიმანს უფლება აქვს, რომ თუ მის ღირსებას, რწმენას და ქონებას შეეხებიან, იბრძოლოს იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც მას ებრძვიან.

როდის წახვედით საქართველოდან და ეს როგორ მოახერხეთ?

წასვლამდე სამი თვის განმავლობაში ვიმუშავე რესტორნის სამზარეულოში იმისთვის, რომ მათი [პოლიციის] ყურადღება მომედუნებინა და სადღაც 4 თვის წინ წამოვედი. საზღვარი ჩვეულებრივად გადავკვეთე, ცხადია დაბალი წვერი მქონდა. ისე, წვერი რომ გაიპარსო და სულ დახეული ჯინსები ჩაიცვა, ვინც შავ სიაში ჰყავთ, მაინც არ ამოიღებენ.

რამდენად მასშტაბურია თქვენი მოძრაობა, რასაც ჯიჰადს ეძახით. საქართველოში რამდენი არიან და სირიაში რამდენი ხართ, მაგალითად, აჭარიდან?

ამ კითხვაზე უკეთესად სპეცსამსახურები გიპასუხებენ, არ ვაპირებ ვინმეს დასახელებას. ზუსტი მონაცემი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ აჭარიდან მინიმუმ 10 კაცი ვართ წამოსული. არ ვიცი გზაში რამდენი არიან, ვიცი, რომ ათობით ადამიანმა გადმოკვეთა საზღვარი და მოდიან, სხვა ქვეყნებში არიან შეჩერებულები… 

თქვენ სირიაში ხართ?

ტერიტორიას არ დავასახელებ. მე ახლა საავადმყოფოში ვარ. საბედნიეროდ გვაქვს ნეიტრალური ტერიტორიები, სადაც შეგვიძლია თავისუფლად გადავაადგილდეთ.

 

საბრძოლო მოქმედებებში იღებდით მონაწილეობას?

ჯერ არა. ამას როცა ალაჰი ინებებს, მაშინ იქნება. მე ამისთვის მზად ვარ.

სამხედრო გამოცდილება გაქვთ?

სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ მაქვს. თუმცა ჩვენ, ანუ ის მუსლიმანები, რომლებსაც გვსურს შაჰიდობა (წამებული) მიიღოს ალლაჰის წინაშე, მერწმუნეთ ერთი მოჰაჯიდი ევროსტანდარტების დონეზე გაწვრთნილ ათ ჯარისკაცზე მეტია, რადგან მას არ ეშინია არავისი, გარდა ალლაჰისა. ჩვენ ვიცით, რომ ალლაჰი ეხმარება ყველა მებრძოლს და მისი მებრძოლების წინაშე უსუსურია ყველა, ვინც ღმერთის კანონს არ აღიარებს.

მიაკუთვნებთ თუ არა თავს  ISIS-ის?

ტელევიზიაში სხვადასხვა ორგანიზაციას რომ ასახელებენ, ეგ სისულელეა – ჩვენთვის ორგანიზაციებს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ვიბრძოლოთ ალლაჰის გზაზე. ჩვენი ინტერესია ურწმუნოების დამარცხება, ხალიფატის ერთიანობა, შარიათის დამყარება. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა ორგანიზაციას დაწერს, მთავარია, ღმერთის წინაშე რა გექნება გადაწყვეტილი.

წევრობა, არაწევრობა არ არსებობს. მე მხარს ვუჭერ ისლამური ხალიფატის აღდგენას, ამისთვის ვიბრძოლებ, რადგან შარიათს ვემხრობი.

ბევრი წერს, რომ კავკასიელები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ამ ბრძოლაში ყველაზე აქტიურები და გავლენიანები არიან. ეს ასეა?

დავადასტურებ იმას, რომ ვინც იბრძვის ბევრს პირადად ვიცნობ, ბევრსაც არ ვიცნობ. რაც შეეხება ქართულ ენაზე მოსაუბრეს, საქართველოს ხელისუფლების სამწუხაროდ, 200 მოქალაქემდე ვართ, თუმცა მე ყველას არ ვიცნობ. არავის სახელის თქმას არ ვაპირებ.

თქვენ ავრცელებთ ვიდეომიმართვებს, სადაც ანგარიშსწორებაზე საუბრობთ. რატომ აკეთებთ ამას?

თუ არ შეწყვეტენ ხალხის დევანს, ჩვენგან შესაბამის რეაგირებას მიიღებენ. მინდა ქართულ საზოგადოებას ვუთხრა – როცა ადამიანს ბრძოლის ყველა გზა ამოეწურება, იძულებულია სხვა მეთოდებით იბრძოლოს. იოლი არ არის საკუთარი ოჯახის, სამშობლოს მიტოვება და სადღაც გადახვეწა. მე მაიძულეს ჩემი სამშობლო, სახლ-კარი, ოჯახი დამეტოვებინა სამუდამოდ. მე ზუსტად ვიცი, რომ ვეღარ ვნახავ ჩემი ოჯახის წევრებს.

მე მინდა, რომ არ გააგრძელონ მუსლიმანების წინააღმდეგ ბრძოლა. ვიცი, რომ ქუჩური გარჩევების დონეზე ებრძვის პოლიცია ჩემს ძმებს განსხვავებული ტანსაცმლის გამო.

საზოგადოებას მინდა ვთხოვო, არ შეიძლება მუსლიმანებთან ბრძოლა უმრავლესობაში მყოფი ქრისტიანების ინტერესების მომიზეზებით. იმედია, აღარ გააგრძელებთ მუსლიმანების წინააღმდეგ ბრძოლას, თორემ ძალიან მწარე პასუხს მიიღებთ.

 

თქვენი ეს განცხადება მუქარაა.


თუნდაც მუქარად ჩათვალონ. მაქ მყოფი ბევრი მუსლიმანი ახლა ჩუმად ზის და არაფერს ამბობს. მათ მაინც ნუ გააღიზიანებენ, ნუ ჩააყენებენ იმ რეჟიმში, რომ პასუხების მოთხოვნა დაიწყონ.

თქვენ ამართლებთ ჯიჰადის სახელით ბავშვების, ადამიანების დახოცვას?

მუსლიმანები ქალებსა და ბავშვებს, მოხუცებს არ ხოცავენ. მუჯაჰიდები იმ ხალხს ებრძვიან, ვინც მათ ებრძვის.

ოჯახის წევრებმა იციან თქვენი გადაწყვეტილების შესახებ?

დედამ იცის, რომ წასული ვარ იმის გამო, რომ მსდევნიან, მაგრამ არ იცის, სადაც ვარ. არც ერთ დედას არ უნდა, რომ მისი შვილი ბრძოლაში დაიღუპოს. დედასთან გარკვეული უთანხმოება მქონდა იმის გამო, რომ წვერით დავდიოდი, განსხვავებული ტანსაცმელი მეცვა და ახალგაზრდა კაცის ცხოვრებით არ ვცხოვრობდი, მაგრამ ყოველთვის იცოდა, რომ ცუდს არ გავაკეთებდი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი