ახალი ამბები

“ოცნება” ამბობს, რომ კვლევის მიხედვით, არჩევნებს იგებს, თუმცა კვლევის ავტორს არ ასახლებს

15 აპრილი, 2019 • 1046
“ოცნება” ამბობს, რომ კვლევის მიხედვით, არჩევნებს იგებს, თუმცა კვლევის ავტორს არ ასახლებს

“ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე, ამბობენ, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, 19 მაისის შუალედურ და ვადამდელ არჩევნებს პარტია მოიგებს. ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ არის კვლევის ავტორი, კობახიძე ამბობს, რომ ეს პარტიის შიდა სამზარეულოა.

იმის შესახებ, რომ კვლევების მიხედვით, “ქართული ოცნება” შუალედურ არჩევნებში იგებს, თავდაპირველად პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 14 აპრილს განაცხადა. მან ასევე განმარტა, რომ შესაძლოა ზოგიერთ ოლქში მეორე ტური დაინიშნოს, თუმცა ეს “ნორმალური პროცესია”.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “ოცნება” წინასაარჩევნოდ აცხადებს, რომ შიდაპარტიული კვლევებით არჩევნებს იგებს. 2018 წელს,”ქართული ოცნების” ეგზიტპოლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში სალომე ზურაბიშვილი ხმების 52.30%-ს იღებდა. თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით მიხედვით, პირველ ტურში ზურაბიშვილმა ხმების 38.6% მიიღო.

მაშინ ეგზიტპოლი “ქართლი ოცნებისთვის” ზურაბ ბიგვავას ორგანიზაცია “ფსიქოპროექტმა” მოამზადა.

19 მაისს თბილისში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, უნდა აირჩიონ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში – მერები. ამავე დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი