ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ენმ ზუგდიდში მელიას აყენებდა კანდიდატად, ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა

14 აპრილი, 2019 • 1915
ღარიბაშვილი: ენმ ზუგდიდში მელიას აყენებდა კანდიდატად, ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას დაყენებას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ სანდრა რულოვსი დააყენეს, რასაც „ფიზიკური დაპირისპირება“ მოჰყვა.

ღარიბაშვილმა ეს 14 აპრილს განაცხადა „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი Live“-ში. ჟურნალისტები მას უსვამდნენ კითხვებს „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაზე, რაც მან უპასუხა:

„ჩვენ [„ქართული ოცნების“] შიგნით რა ხდება, ეს ჩვენ შიგნით მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი საკითხებია. ეს არაფრით არ უკავშირდება მოსახლეობას. ჩვენს მხარდამჭერებზე ჩვენ ვმუშაობთ… არანაკლები, და შეიძლება იქვას, ათჯერ უარესი ქაოსი ხდება სხვა პარტიებში“.

ღარიბაშვილმა „უმძიმესი დაპირისპირება“ უწოდა მელიას შემთხვევას: „ბოლო ინციდენტს გავიხსენებ მაგალითად. მე ვიცი, რომ ზუგდიდში ენმ აპირებდა დაეყენებინა კანდიდატად ნიკა მელია … და ჩანაცვლდა სააკაშვილის მეუღლით [სანდრა რულოვსით]“.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით „ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა“, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, მისი ინფორმაციით, ვის შორის მოხდა დაპირისპირება.

იმედის ჟურნალისტების თანახმად, მელიამ, რომელიც მათ გადაცემაში სტუმრობდა, თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა.


“გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ცოლი, სანდრა რულოვსია. რულოვსი კანდიდატად 22 მარტს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა გრიგოლ ვაშაძემ.

ზუგდიდის მერის არჩევნები 2019 წლის 19 მაისს იმართება.

ზუგდიდის მერის არჩევნების ხელახლა ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ მის წინააღმდეგ გახმოვანებული ბრალდებების შემდეგ, 2018 წლის სექტემბერში, პოსტი დატოვა. მოგვიანებით ის ყოფილ ვიცემერთან, გია გულორდავასთან ერთად, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

სანდრა რულოვსი 2016 წლის საპარლამენტი არჩევნებშიც მონაწილეობდა — ის ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის იყრიდა კენჭს. ოფიციალური შედეგებით, პირველ ტურში საკმარისი ხმები ვერც სანდრა რულოვსმა მიიღო და ვერც “ქართული ოცნების” კანდიდატმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, სანდრა რულოვსს არჩევნები პირველივე ტურში ჰქონდა მოგებული, თუმცა ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, რასაც ხელისუფლება უარყოფს. ამ მოტივით თქვა რულოვსმა უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი