ახალი ამბები

მეცნიერების განვითარების საკითხი პარლამენტში დისკუსიის საგანი გახდა

13 ოქტომბერი, 2014 • • 1207
მეცნიერების განვითარების საკითხი პარლამენტში დისკუსიის საგანი გახდა
“განათლების სამინისტრო ფაქტიურად ლომაიასა და შაშკინის კურსს აგრძელებს,”- ასეთი განცხადება გააკეთა დღეს, 13 ოქტომბერს, პარლამენტის კომიტეტზე  მინისტრის, თამარ სანიკიძის გამოსვლის შემდეგ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ. 
 
იგივე პოზიცია აღმოაჩნდათ სხდომაზე დამსწრე სხვა პირებსაც, რომლებიც სამეცნიერო წრეების, მათ შორის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები არიან.
 
“წინა ხელისუფლების დროს გულგრილობა მეცნიერების მიმართ ირონიაში გადაიზარდა, ირონია- ცინიზმში. ამ დამოკიდებულებამ საბოლოოდ რიგი პრობლემები გამოიწვია. გახსოვთ, ამას მოჰყვა მეცნიერთა დიდი შეკრება ფილარმონიის დარბაზში. ეს ხალხი ელოდა ახალ ხელსუფლებას. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს ხელისუფლება გახსნის ამ კვანძს. ტემპია დასაჩქარებელი,”- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. 
 
კომიტეტზე დამსწრეთა [მათი დიდი ნაწილი მეცნიერებათა აკადემიის წევრია] ძირითადი პრეტენზია, რომელიც პარლამენტში დღეს გამოიკვეთა –  მეცნიერების სფეროში მომუშავეთა ხელფასებია, რომელიც, მათი განცხადებით, 150-200 ლარს არ აღემატება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კი ამბობს, რომ ხელფასების ოდენობა რიგ შემთხვევაში უფრო მაღალია. 
 

ავთანდილ არაბულის, ენათმეცნიერისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის განცხადებით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კვლევითი დაწესებულებებისა და ზოგადად მეცნიერების მდგომარეობის კუთხით საქართველოში დაპირებები დაპირებად დარჩა და ორი წლის განმავლობაში განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
 

“სამეცნიერო საზოგადოებამ ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ,”- განაცხადა არაბულმა. 

 

ის ამბობს, რომ 2014 წლის 17 იანვარს სამეცნიერო აკადემიაში რეკომენდაციებისა და წინადადებების მოსამზადებლად გაფართოებული შეხვედრა ჩატარდა. 4 მარტს კი მინისტრმა სამინისტროსთან სამეცნიერო საბჭოს შექმნის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. აღნიშნულ საბჭოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის კონსულტაციები უნდა გაეწია სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამომავლო საქმიანობის, დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და დაფინანსების მექანიზმების დახვეწის საკითხებში.

 

არაბულის თქმით, აღნიშნული შრომატევადი საქმისა და დოკუმენტის მომზადების შემდეგ ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში რეკომენდაციები სამინისტროს გადუგზავნეს, თუმცა, მისი თქმით, უწყებამ პირობა არ შეუსრულა. 

“გავიგეთ, რომ სამეცნიერო საბჭოს მიერ მომზადებული დასკვნა გადაეცა პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოს სახეცვლილი ფორმით,”- აცხადებს არაბული.

 

არაბული და აღნიშნული საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ მათი შრომა წყალში ჩაიყარა და, შესაბამისად, სამინისტრომ არ შეასრულა დაპირება, რომ გაიზრდებოდა სამეცნიერო დაწესებულებების დაფინანსება, ცვლილებები შეეხებოდა სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების სტატუსს, მოხდებოდა ამ დაწესებულებების ქონების ინვენტარიზაცია და ა.შ.  

2010 წლის ბოლოს კვლევითი ინსტიტუტები სსიპ-ებად გადაკეთდნენ. აღნიშნული პოლიტიკა, განათლების მაშინდელი სამინისტროს განმარტებით, მიზნად ისახავდა სამეცნიერო და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის თანდათანობითი ინტეგრაციისათვის ხელშეწყობას და საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას.


თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ დღევანდელი ბრალდებები უსაფუძვლოა და მეცნიერთა საბჭოს მონაცემებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდება უკვე იმ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იფუნქციონირებს. დასაფინანსებელ პრიორიტეტებსაც სწორედ ეს საბჭო განსაზღვრავს.

 
მინისტრის თქმით, დღეს მეცნიერების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია და იმისთვის, რომ ყველა გეგმა შესრულდეს, ბევრად მეტია საჭირო. 
 

“20 ან 21 ოქტომბერს სამინისტრო მეცნიერების განვითარების იმ სტრატეგიის პრეზენტაციას გეგმავს, რომელიც სხვადასხვა ექსპერტის, სპეციალისტისა და საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მეცნიერების მუშაობით დაიწერა,”- ამბობს სანიკიძე. 




მასალების გადაბეჭდვის წესი