ახალი ამბები

“მწყინს, რომ შეცდომაში ვიყავი შეყვანილი” – კახაძე ბურჭულაძის პარტიაში ყოფნაზე

13 აპრილი, 2019 • 1312
“მწყინს, რომ შეცდომაში ვიყავი შეყვანილი” – კახაძე ბურჭულაძის პარტიაში ყოფნაზე

ლადო კახაძე, რომელიც “ქართულ ოცნებას” მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატად ჰყავს წარდგენილი, აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძის გუნდის წევრობისას შეცდომაში იყო შეყვანილი. ამის შესახებ მან Palitra News-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, როცა პარტიაში მივიდა, არ ფლობდა ინფორმაციას, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” იქნებოდა “ასოცირებული”.

“პირველად, როცა მივედი, სამედიცინო პროგრამა უნდა გამეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ  მთხოვა, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. მე დავთანხმდი, ცალსახად დავთანხმდი. მაგრამ [ამ დროს] აზრადაც არ მაქვს გავლებული, რომ მე ვასოცირდები “ნაციონალურ მოძრაობასთან” “, – აღნიშნა მან.

წამყვანის კითხვაზე, ნანობს თუ არა ბურჭულაძის პარტიაში “სახელმწიფო ხალხისთვის” ყოფნას, კახაძემ ასე უპასუხა:

“მე მწყინს, რომ შეცდომაში ვიყავი შეყვანილი ამ კუთხით”.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ლადო კახაძემ პაატა ბურჭულაძის პარტიას “სახელმწიფო ხალხისთვის” 60 000 ლარი შესწირა და ამავე პარტიის სახელით კენჭი იყარა მთაწმინდის ოლქში, სადაც მხოლოდ 618 ხმა მიიღო. მასზე მეტი ხმა მოაგროვეს სალომე ზურაბიშვილმა, ნიკა რურუამ, ნიკოლოზ ფრუიძემ, დავით თევზაძემ, ლადო სადღობელაშვილმა, თამარ კორძაიამ და გრიგოლ ბარამიძემ.

კახაძე მიმდინარე წლის 11 აპრილს კვლავ წარადგინეს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად, თუმცა, ამჯერად, მმართველი გუნდიდან. პროცესში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი