რა არის და რას გეგმავს “დაიცავი საქართველო”

რას წარმოადგენს და რას გეგმავს მოძრაობა „დაიცავი საქართველო“? რა მიზნით გაიმართა 13 აპრილს შეხვედრა? ვინ რა რანგში მივიდა შეკრებაზე?

„დაიცავის საქართველოს“ ლიდერის, პოეტ დავით მაღრაძის მოწოდების შემდეგ, 13 აპრილს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათმა ნაწილმა იმ შთაბეჭდილებით დატოვა ფილარმონია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ მოძრაობის ლიდერებისგან და მხარდამჭერებისგან დაკომპლექტებულ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას იხილავენ.

მაღრაძემ რამდენიმე კვირით ადრე მოუწოდა მოსახლეობას, — „მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისგან“ — შეკრებაზე მისულიყვნენ. სწორედ ეს სენტიმენტი გასდევდა ლაიტმოტივად 13 აპრილის შეხვედრას; გამომსვლელები „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდნენ, თუმცა მათ სიტყვებში კვლავ იყო სწორება ენმ-ის დროინდელ მმართველობაზე.

„დაიცავი საქართველო“

მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2009 წელს, ანტისახელისუფლებო აქციების შემდეგ ჩამოყალიბდა ოპოზიციურ გაერთიანებად.

მოძრაობის დამაარსებლები იყვნენ: პოეტი დავით მაღრაძე, მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, მსახიობები —  ოთარ მეღვინეთუხუცესი და გურანდა გაბუნია, რეჟისორი რობერტ სტურუა; გია და ლევან გაჩეჩილაძეები და ა.შ..

„დაიცავი საქართველო“ ენმ-ის ხელისუფლების პირობებში ხშირად გამოდიოდა ცვლილებების მოთხოვნით. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მოძრაობა აღარ აქტიურობდა, მხოლოდ მისი ლიდერებიღა თუ აკეთებდნენ განცხადებებს ინდივიდუალურად.

მოძრაობის ლიდერი დავით მაღრაძე ხელისუფლების ცვლილების შმდეგ, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის მხარდამჭერად პოზიციონირებდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იგი „ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერდა მხარს. „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მას შემდეგ გამოვიდა, რაც სასამართლოს/მოსამართლეების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.

[ნახეთ ასევე: „სახელი მაინც გადაირქვან, რა დროს ოცნებაა“ — დავით მაღრაძე „ქართულ ოცნებაზე“]

„პლატფორმა, რომლის წიაღში გაჩნდება ახალი ძალა“

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებისა და მოძრაობის ლიდერების კომენტარებიდან ვიგებთ, რომ „დაიცავი საქართველო“ მათ ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად ერთგვარ პლატფორმად ესახებათ, რომლის მიზანია, — დავით მაღრაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, — „ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს ხელმძღვანელობს, ისე გავუშვათ, რომ არ დავაბრუნოთ პარტია, რომელმაც საქართველოს ძალიან დიდი განსაცდელი მოუვლინა“.

პარლამენტარმა ეკა ბესელიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა: „ალბათ, თავად „დაიცავი საქართველო“ დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, თუმცა მის წიაღში, მის წევრთაგან, ან იმ ადამიანებისგან, ვინც იდეურად უერთდება ამ მოძრაობას, ალბათ დაიბადება ახალი პოლიტიკური პლატფორმა, ძალა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში შეიქმნას გარანტიები, — ის რაც მოხდა და ცუდია, აღარ განმეორდეს და მოხდეს ის, რაც უკეთესი იქნება ამ ქვეყნისთვის“.

ეკა ბესელიას თანახმად, ახლა დამდგარია „ეტაპი ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებისთვის“, 13 აპრილის ყრილობა კი „შესაძლოა ამ პროცესის დამატებითი მუხტი გახდეს“.

ყრილობის შემდეგ კი ბესელიამ თქვა, რომ მომდევნო პოლიტიკურ განცხადებაში იგი ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებაზე ისაუბრებს.

პარტია — „ტექნიკური საკითხი“

პარლამენტარი გედევან ფოფხაძე ჟურნალისტების კითხვას, ჩამოყალიბდება თუ არა „დაიცავი საქართველო“ პარტიად, ასე პასუხობს:

„ეს ტექნიკური საკითხია. ჯერ ღირებულებებზე, იდეებსა და მიზნებზე უნდა შევჯერდეთ. შემდეგ ტექნიკურად ეს როგორ გაფორმდება, ეს დროის საკითხია… მგონია, რომ ჯერ უნდა მოხდეს თანამოაზრეთა შორის იდეებისა და ღირებულებების შეჯერება… დღეს კატეგორიული ვერ ვიქნები, მაგრამ ამ შეკრებამ კიდევ ერთი ბიძგი უნდა მისცეს პოლიტიკური პროცესის გააქტიურებას“.

„არ ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას“ — მაღრაძე

შეხვედრის ინიციატორმა, დავით მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის საზოგადოებრივ მოძრაობაში დარჩება და პოლიტიკურ აქტივობას — საპარლამენტოს ან პარტიულს — არ აპირებს. „ისე, რა თქმა უნდა, ალბათ საზოგადოებრივ მოძრაობასაც აქვს გავლენა ცხოვრებაზე და პოლიტიკაზეც“, — თქვა მან.

პოლიტიკოსი არც ვარ და არც არასდროს ვიქნები, — ეს გიორგი გაჩეჩილაძემ თქვა. მოძრაობის პარტიად ჩამოყალიბებაზე კი ასე განაცხადა: „ყველაფერი შეიძლება, რატომაც არ შეიძლება, მაგრამ მე უფრე მომხრე ვარ იმის, რომ ახალგაზრდები და ახალი ძალები წამოვიდნენ, თავიანთ ქვეყანაზე შეყვარებულები, ვისაც მართლა უნდა, რომ ამ ქვეყანაში სამართლით მაინც დავიწყოთ, რომ რაღაცნაირად შევცვალოთ“…

მთაწმინდის არჩევნები

კითხვაზე, აპირებს თუ არა მოძრაობა მთაწმინდის ოლქში საპარლამენტო არჩევნებზე კანდიდატი დააყენოს ან ვინმეს დაუჭიროს მხარი, ეკა ბესელიამ პირდაპირ არ უპასუხა და განაცხადა: „იმდენად რთული სურათია, მეტი დაფიქრება გვმართებს. მოგვიანებით ვიტყვი ჩემს პოზიციას“.

გიორგი გაჩეჩილაძემ ამავე კითხვაზე პასუხად თქვა: „ჯერ არ ვიცი. „ეს არის პირველი შეხვედრა. აგერ ვნახავთ, შევიკრიბებით და ვნახავთ, რა და როგორ იქნება“.

იმავე კითხვაზე პასუხად დავით მაღრაძემ თქვა: „არ ვიცი, ეს უნდა გადავწყვიტოთ, არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია“.

2020 წლის არჩევნები

პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც ეკა ბესელიასთან ერთად გამოეყო „ქართულ ოცნებას“, აცხადებს: „დარწმუნებული ვარ, ეს სამოქალაქო პლატფორმა შეძლებს … [რომ] ეს ორი, უკვე მახინჯი პოლიტიკური ორგანიზაცია [ენმ და „ქართული ოცნება“] … 2020 წლისთვის მინიმალური პროცენტითა და ადგილით შემოიფარგლოს პარლამენტში“.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „დაიცავი საქართველოსთან“ ერთად, იგი გვპასუხობს:

„მე მივიღებ მონაწილეობას იმ პროცესში, რომელიც ამ ორ სიმახინჯეს მაქსიმალურად ჩამოაკლებს შანსს, ერთმანეთში უშინაარსო ბრძოლით ზეგავლენა მოახდინონ ქართულ პოლიტიკაზე; რაიმე ფორმით რომელიმეს მხრიდან მოხდეს ხელისუფლების დაკომპლექტება. ამ პროცესში აქტიურად მივიღებ მონაწილეობას“.

გოგიჩაიშვილმა გვითხრა, რომ იმედი აქვს, „დღევანდელი პლატფორმა უახლოეს მომავალში გააჩენს ძალიან დიდი გაერთიანებას ფასეულობების ირგვლივ“. რა არის ეს ფასეულობები? გოგიჩაიშვილის თანახმად:

„ის მონაპოვარი, რაც იყო 2012 წლის 1 ოქტომბერს — სამართლიანი სასამართლო, სამოქალაქო თავისუფლებები, თავისუფალი ბიზნესი, დეპოლიტიზებული პოლიცია, პროკურატურა, ეროვნული ბანკი და ა.შ… დღეს ხდება ერთი ადამიანის ხელში ხელახლა კონცენტრაცია ძალაუფლების, რაც საშიშია და ყოველთვის ცუდად მთავრდება“.

 დაფინანსება და ოფისი

დავით მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფილარმონიის დარბაზი წევრების შეგროვებული თანხით იქირავეს. ერთ-ერთი ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ აფინანსებს მოძრაობას და დამფინანსებლებს შორის ხომ არ არის ეკა ბესელია, მაღრაძემ უპასუხა:

„დაფინანსებულის ჯერ არაფერი გვეტყობა. რა ვიცი, რეკლამა გვინდოდა და ესეც ვერ შევძელით. მაგრამ არა უშავს, რაღაცებს შევძლებთ… არავინ არ გვაფინანსეს. ჩვენ თვითონ შევაგროვეთ ფული და ვიქირავეთ დარბაზი. დაფინანსება თუ იქნება, გეტყვით“.

შეხვედრის ბოლოს მაღრაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას გააცნობენ მისამართს, სადაც „დაიცავი საქართველოს“ ოფისი იქნება განთავსებული.

რაზე ილაპარაკეს გამომსვლელებმა

ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ შეკრება თითქმის ერთი საათი გაგრძელდა; შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მხოლოდ რამდენიმე გამომსვლელმა მიმართა: დავით მაღრაძემ, ვატო შაქარიშვილმა, ლევან გოგიჩაიშილმა, ჯაბა ჯიშკარიანმა და მსახიობმა გია გურგულიამ.

„ადამიანებს, რომლებსაც მივანდეთ ჩვენი ბედ-იღბალი, ვერ მოიგეს პირველივე ტურში. ვერ დაამარცხეს ნაციონალური მოძრაობა. ერთი ის, რომ დავინახე, ვეღარ იგებენ არჩევნებს. მეორე, არ იძლევიან დახმარების საშუალებას, რადგან თვლიან, რომ ყველაფერი ყველაზე უკეთ იციან, და მესამე — უკვე ისეთი სახე მიიღო ოცნებამ, რომ რომც გაიმარჯვონ, რატომ უნდა ჩავთვალო გამარჯვებულად თავი, აღარ მესმის“, — თქვა მაღრაძემ.

„მე შევხვდი ბევრ ახალგაზრდას, რომელიც, ძალიან გამიხარდა, რომ სოციალური თემებით არიან დაინტერესებულები. ძალიან ღრმად ჩაწვდნენ ჩვენს სოციალურ გაჭირვებას. გამიკვირდა და გამიხარდა კიდეც, რომ ამ თემებითაც მოცულია ჩვენი ახალგაზრდობა, რომელსაც გვინდა, რომ ესტაფეტასავით გადავაბაროთ ხვალინდელი დღე“. მაღრაძეს სახელდებით არავინ დაუსახელებია.

მაღრაძემ აუდიტორიას სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ბრძოლაში დაღუპულთათვის: „მინდა, რომ ჩვენ დღეს დავძლიოთ ერთი რამ და გავიხსენოთ და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა იმ მიცვალებულს — ქართველებსაც, აფხაზებსაც და ოსებსაც, ვინც ჩვენს ბრძოლებში დაეცა“, — განაცხადა მან.

მაღრაძის შემდეგ ვატო შაქარიშვილი გამოვიდა სიტყვით: „ის ხალხი, რომელთანაც იყო დაკავშირებული უამრავი უდანაშაული ადამიანის დასჯა, ვის კისერზეც არის ოჯახური ტრაგედიები, ვინც ქუჩაში ხალხს დევნიდა, დღეს ის ადამიანები სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და განგაშის მომცემი სიმპტომი, რადგან ეს არის მცდელობა, გადაიხედოს მარადიული ფასეულობები; გადაიხედოს და გადაფასდეს ის ოქროს ფრაზა, რაც ჩემს უკან წერია: „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა“. როგორც ჩვენ ვხედავთ, დღეს წარსულს სხვადასხვანაირად ვაფასებთ საზოგადოება და მმართველი გუნდი“.

შაქარიშვილმა ენმ-ს უწოდა „მოძალადე, რევანშსმოწყურებული პარტია“, ხოლო “ქართულ ოცნებას“ — „სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათების ასპარეზად ქცეული“ პარტია. „ეს აღარ არის ქართული ოცნება, ეს გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის და ზარდიაშვილის ოცნებების ახდენის ასპარეზად“, — თქვა მან.

შაქარიშვილის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და მსახიობი გია გურგულია. მათ შემდეგ შეხვედრას დავით მაღრაძე ხურავდა, თუმცა დარბაზიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ სიტყვით გამოსვლა მოითხოვა და სცენაზე ავიდა.

ჰომოფობიური გამოსვლა, რომელსაც არავინ გაემიჯნა

მოქალაქეს, რომელმაც საკუთარი თავი წარადგინა, როგორც პუბლიცისტი დათო მხეიძე, ჰომოფობიური სიტყვა ჰქონდა. მან დამსწრე დეპუტატებს მიმართა: „ამასწინათ ევროკომისიამ გამოქვეყნა დასკვნა, სადაც ჩვენს პატრიარქზე დაწერა, რომ ილია II სიძულვილის ენის საუბრობს, იმიტომ, რომ თურმე მან რომ თქვა, რომ ელ-გე-ბე-ტე თემის ღონისძიებები სირცხვილია და მამათმავლობა ბოროტებაა, ეს ყოფილა ბოროტება. რატომ არ გაგიჩნდათ მაშინ პარლამენტში პროტესტის გრძნობა და რატომ არ უპასუხეთ, როგორც საჭირო იყო“? 

თუმცა ევროკომისიას რაიმე მსგავსი განცხადება/დასკვნა არ ჰქონია.

მხეიძემ ახსენა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც მანამდე უფლებამდაცველ ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მუშაობდა. აქ მან უარყოფით კონტექსტში ახსენა გენდერული იდენტობა: „ამას წინათ, ეგრეთ წოდებული გენდერული იდენტობა რომ ამოგვიყვანეს ყელში. ამ კენჭისყრის წინ ემზარ კვიციანი გამოდიოდა სიტყვით და განაცხადა, ეხლა მე წავიკითხავო პატრიარქის ქადაგებიდან ციტატასო და ჩუგოშვილმა გამოურთო პატრიარქს მიკროფონი. ეს რას ნიშნავს? მაშინ არ აღშფოთდით, ახლა რომ იმასშვებით? ეს ხომ იგივეა, რომ პატრიარქს გამოურთო მიკროფონი“…

მხეიძის სიტყვას იქვე, სცენაზე მდგომ გამომსვლელთაგან არავინ გაემიჯნა. ნეტგაზეთმა მოგვიანებით ვატო შაქარიშვილს ჰკითხა, ემიჯნება თუ არა იგი მათი პლატფორმით გავრცელებულ ჰომოფობიურ განცხადებას, რაზეც მან გვიპასუხა: „საერთოდ არ მომისმენია, რაზე იყო საუბარი. რაც ვნახე, დარბაზის რეაქცია იყო. არ მესმოდა. ეს თქვენი შეფასებაა. ეს არ არის იდეოლოგიურად დახურული ტიპის ორგანიზაცია“…

ცნობილი სახეები შეკრებაზე

„დაიცავის საქართველოს“ შეკრებაზე „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები პარლამენტიდან ფოფხაძე-ბესელია-გოგიჩაიშვილის გარდა — ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი და ბექა ნაცვლიშვილი; თბილისის საკრებულოს წევრები, ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი;  

შეკრებას სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მაგალითად პარლამენტის ყოფილი სპიკერი, დავით უსუფაშვილი, პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე; თუმცა უსუფაშვილმა განაცხადა, რომ შეკრებაზე მოსასმენად მივიდა: „ვუსმენ ყველას, ვინც თვლის, რომ „ქართული ოცნება“ შესაცვლელია. შესაცვლელია არჩევნების გზით და არა ,,ნაციონალური” რევანშით ან რუსული ზღაპრებით. არ მოვსულვარ არაფერში გასაერთიანებლად“, — განაცხადა მან.

იმავეს ამბობს ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, გრიგოლ გეგელიას შტაბის წევრია, თუმცა თქვა, რომ ფილარმონიაში დამოუკიდებლად იყო მისული: „ნებისმიერი გუნდი, რომელიც ამ თეზისით [ისე წავიდეს ივანიშვილი ხელისუფლებიდან, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს] იბრძოლებს, ჩემს სოლიდარობას დაიმსახურებს“, — განაცხადა მან.

შეკრებაზე მივიდნენ კავკასიის საკითხების კომენტატორი მამუკა არეშიძე, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი; მომღერალი დათო ხუჯაძე;

იქვე იყო მომღერალი ნინი ქარსელაძე, თუმცა მან თქვა, რომ კვლავ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად რჩება:

„საქართველოს არავისგან არ ვიცავ. მე ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანას დაცვა არ სჭირდება 2012 წლის შემდეგ ვინმესგან და განსაკუთრებით, ეს მმართველ გუნდს ეხება. მე მოვედი, რომ მოვისმინო იმ ადამიანების აზრი, რომლებსაც წლებია, ვიცნობ. ბევრ მათგანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მინდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდე იმაში, რომ მე სწორ პოზიციაზე ვარ. მე ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი და დარწმუნებული ვარ, იქიდან გამოსულიც ამ პოზიციაზე დავრჩები“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com