ახალი ამბები

ჩვენს ქვეყანას ვინმესგან დაცვა არ სჭირდება 2012 წლის შემდეგ – ქარსელაძე “დაიცავი საქართველოს” შეკრებაზე

13 აპრილი, 2019 • 1710
ჩვენს ქვეყანას ვინმესგან დაცვა არ სჭირდება 2012 წლის შემდეგ – ქარსელაძე “დაიცავი საქართველოს” შეკრებაზე

მომღერალი ნინი ქარსელაძე საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” შეკრებაზე მივიდა, თუმცა აღნიშნა, რომ კვლავ “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და ეს არ შეიცვლება.

ქარსელაძე ჟურნალისტებს ღონისძიებაზე შესვლამდე ესაუბრა.

“საქართველოს არავისგან არ ვიცავ. მე ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანას დაცვა არ სჭირდება 2012 წლის შემდეგ ვინმესგან და განსაკუთრებით, ეს მმართველ გუნდს ეხება. მე მოვედი, რომ მოვისმინო იმ ადამიანების აზრი, რომლებსაც წლებია, ვიცნობ. ბევრ მათგანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მინდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდე იმაში, რომ მე სწორ პოზიციაზე ვარ. მე ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი და დარწმუნებული ვარ, იქიდან გამოსულიც ამ პოზიციაზე დავრჩები”, – აღნიშნა მან.

ნინი ქარსელაძე “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში იყო ჩართული.

“დაიცავი საქართველოს” შეკრება, რომელიც თბილისში, ფილარმონიაში მიმდინარეობდა, დასრულდა. მისმა დამფუძნებელმა, დავით მაღრაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოძრაობის მიზანი “ორპოლუსიანი სისტემისაგან საქართველოს გათავისუფლებაა”.

“დღევანდელი ხელისუფლება ისე ჩამოცილდეს ხელისუფლება, რომ ვერ მობრუნდეს ძველი ხელისუფლება, რომ არ მოვიდეს ძველი ხელისუფლება. ესაა ეროვნული ამოცანა, ჩემი, პირადად”, – აღნიშნა მან.

ეკა ბესელია, მამუკა არეშიძე, დათო ხუჯაძე და სხვები – ვინ მივიდა “დაიცავი საქართველოს” შეკრებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი