ეკა ბესელია, მამუკა არეშიძე, დათო ხუჯაძე და სხვები – ვინ მივიდა “დაიცავი საქართველოს” შეკრებაზე

თბილისში, ფილარმონიის შენობაში, საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” შეკრება დაიწყო. ღონისძიებას პოლიტიკოსები და სხვა ცნობილი სახეები ესწრებიან.

ფილარმონიაში მივიდნენ მმართველი გუნდის ყოფილი წევრები, მათ შორის, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. ადგილზეა ჯაბა ჯიშკარიანიც – საკრებულოს დეპუტატი, რომელმაც “ქართული ოცნება” ვატო შაქარიშვილთან ერთად პარასკევს დატოვა. შეკრებას ირაკლი ბათიაშვილიც დაესწრება.

საზოგადოებრივი მოძრაობის შეკრებას ესწრებიან ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, სოსო ცისკარიშვილი და სხვები. ღონისძიებაზე არიან მომღერალი დათო ხუჯაძე და გია გაჩეჩილაძე, იგივე “უცნობი”.

ფილარმონიაში მისულთა ნაწილი აღნიშნავს, რომ შეკრებაზე მხოლოდ მის მოსასმენად მივიდნენ. ასეთები არიან დავით უსუფაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და ლევან ლორთქიფანიძე.

“დაიცავი საქართველოს” დამფუძნებელმა, დავით მაღრაძემ, მედიასთან საუბრისას კვლავ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას არ აპირებს და მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობის ფარგლებში დარჩება.

“მე ვრჩები საზოგადოებრივ მოძრაობაში. არ ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას, საპარლამენტოს და პარტიულს. ისე, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ მოძრაობასაც აქვს გავლენა ცხოვრებასა და პოლიტიკაზე.  ჩვენი ამოცანაა, ორპოლუსიანი სისტემისგან გათავისუფლდეს საქართველოს ხვალინდელი დღე. დღევანდელი ხელისუფლება ისე ჩამოცილდეს ხელისუფლება, რომ ვერ მობრუნდეს ძველი ხელისუფლება, რომ არ მოვიდეს ძველი ხელისუფლება. ესაა ეროვნული ამოცანა, ჩემი, პირადად”, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა “დაიცავი საქართველო” პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს, მაღრაძემ უპასუხა:

“ყველაფერი შესაძლოა, მაგრამ მე არ ვაპირებ”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან