ახალი ამბები

სასამართლოს გადაწყვეტილებით ენმ-ის წევრი მანუჩარ ჩხეტია გათავისუფლდა

12 აპრილი, 2019 • 836
სასამართლოს გადაწყვეტილებით ენმ-ის წევრი მანუჩარ ჩხეტია გათავისუფლდა

ნაციონალური მოძრაობის დაკავებული აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლდა. პროცესის დასრულების შემდეგ ჩხეტიამ განაცხადა, რომ სასამრთლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ის უკანონოდ იყო დაკავებული.

ენმ-ის სამი წევრი გუშინ, 11 აპრილს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

დაკავებულთაგან  ერთ-ერთი მათგანი, ენმ-ის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს გაათავისუფლეს. ასევე გათავისუფლდა ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ანი წითლიძე.

ისინი ენმ-ის კანდიდატს ზუგდიდში, სანდრა რულოვსს თან ახლდნენ მოსახლეობასთან შეხვედრაზე. პატარაიაც და წითლიძეც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან.

შსს-ს ვერსიით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან „სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“.

გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ ტვ პირველზე სატელეფონო ჩართვისას საპირისპირო განაცხადა, — მან თქვა, რომ პოლიციამ, „ნაცვლად იმისა, გაერკვიათ, ვინ იყვნენ ისინი, ვინც უკანონო თვალთვალს ახორციელებდა კანდიდატზე [სანდრა რულოვსზე], პროვოკაცია მოუწყვეს“ ოპოზიციონერებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი