ახალი ამბები

კომიტეტი მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტს ვენეციის კომისიის დასკვნამდე განიხილავს

12 აპრილი, 2019 • 1210
კომიტეტი მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტს ვენეციის კომისიის დასკვნამდე განიხილავს

მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ “ქართული ოცნების” წევრებმა განაცხადეს, რომ მეორე მოსმენით განხილვას ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დაიწყებდნენ.

“ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს და ვიმსჯელებთ ამ დასკვნის ირგვლივ. როგორც კი წარმოადგენს ამას ვენეციის კომისია, მხოლოდ ამის შემდგომ დავიწყებთ ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტის მეორე მოსმენით განხილვას”, – განაცხადა 19 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

ვენეციის კომისიის მოსაზრებები კანონპროექტზე, “ქართული ოცნების” ინფორმაციით, 18 აპრილს გამოქვეყნდება, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 15 აპრილის სხდომის დღის წესრიგში უკვე შეტანილია საკითხი “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით განსახილველად.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პირობა ძალაშია და კანონპროექტის გატანა პლენარულ სესიაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ მოხდება.

“ორშაბათს ჩვენ გვექნება კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა, რის შემდეგადაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება, რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე გატანას, ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვქონდა ვენეციის კომისიასთან და ჩვენ გვაქვს მათგან პირობა, რომ მათი პოზიცია 18 აპრილს იქნება ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასესიო კვირის მიმდინარეობისას, როდესაც კანონპროექტი უნდა გავიდეს პლენარულ სხდომაზე, ვენეციის კომისიის დასკვნა უკვე მზად იქნება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

პლენარული სხდომები მომავალ კვირას, 16-19 აპრილს გაიმართება. ვენეციის კომისიის დასკვნის 18 აპრილს გამოქვეყნების შემთხვევაში, რამდენად საკმარისი დრო დარჩება თუნდაც სამოქალაქო სექტორს დასკვნის გასაცნობად და თავისი მოსაზრებების დასაფიქსირებლად? დეპუტატის თქმით, დასკვნის შინაარსის გაცნობა განსაკუთრებულ დროს არ საჭიროებს და ვინც დაინტერესებულია, ყველას ექნება საშუალება მას გაეცნოს.

არასამთავრობო სექტორში მმართველი გუნდის არგუმენტს მიუღებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ, როგორც ჩანს, ვენეციის კომისიის დასკვნას პროცესზე გავლენა აღარ ექნება და “ოცნება” კანონპროექტის მიღებას ნაჩქარევად აპირებს.

“საკომიტეტო განხილვა არის მთავარი. საზოგადოების მოანწილეობა და ჩართულობა პლენარულ სხდომაზე ვერ იქნება უზრუნველყოფილი, ამიტომ ეს არგუმენტი ჩემთვის გაუგებარია. თუ ელოდებიან ვენეციის კომისიის დასკვნას (როგორც ეს არაეხთხელ განაცხადეს), მაშინ დაელოდონ და ტექნიკურად არა მხოლოდ უნდა დაელოდონ, არამედ განხილვები და მუშაობა უნდა მოჰყოლოდა ვენეციის კომისიის დასკვნას. კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის  მიზანი სწორედ ეს იყო, რომ დამატებით მოგვესმინა მაღალი ექსპერტული მოსაზრებები კანონპროექტზე”, – ამბობს EMC-ის იურისტი სოფო ვერძეული.

მისივე თქმით, კანონპროექტის მეორე საკომიტეტი მოსმენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რაციონალური იქნებოდა, იმ განსხვავებული მოსაზრებების ფონზე, რომლებიც მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით არსებობს, ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას დალოდებოდა.

არასამთავრობო სექტორი გეგმავს, 15 აპრილის საკომიტეტო განხილვას ფართო წარმომადგენლობით დაესწროს და კიდევ ერთხელ დააფიქსიროს, რომ “მოსამართლეთა შერჩევის უმრავლესობის დეპუტატების მიერ შემოთავაზებული წესი, თავად “ქართული ოცნებისა” და მოსამართლეთა კლანის გარდა, ყველასთვის მიუღებელია”.

ამავე თემაზე:

იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი ვენეციის კომისიას მიმართავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი