ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სავიზო პოლიტიკის გამო სტუდენტები იძულებული არიან საქართველო ვადაზე ადრე დატოვონ

10 ოქტომბერი, 2014 • • 1101
სავიზო პოლიტიკის გამო სტუდენტები იძულებული არიან საქართველო ვადაზე ადრე დატოვონ
“თბილისში, GIPA-ში, მაგისტრატურაში 2014 წლის იანვარში ჩავაბარე. ახალი სემესტრის დაწყებიდან, ანუ სექტემბრის შუა რიცხვებში გავიგეთ, რომ საქართველოში 90 დღეზე მეტხანს ვერ გავჩერდებოდით. ინსტიტუტში ლექციები საბოლოოდ მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს მთავრდება- ზუსტად ერთი კვირით ადრე, ვიდრე ჩემს ვიზას ვადა ამოეწურება. იძულებული ვარ, სწავლა იქამდე შევწყვიტო, ვიდრე დასრულდება,”- ამბობს გუნელ საფაროვა აზერბაიჯანიდან.
 
მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეებისთვის, საქართველოს ახალი სავიზო რეგულაციების თანახმად, საქართველოში ყოფნის უფლება 90 დღეზე მეტხანს იკრძალება. ახალ ვიზას კი თავად ამ ქვეყნებში [აზერბაიჯანი, სომხეთი] არსებული საქართველოს საელჩოს საკონსულო დეპარტამენტები გასცემენ.
 
“საქართველოს ახალი კანონის შესახებ სექტემბერში, ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგე. დავრეკე საელჩოში და მითხრეს, რომ დაახლოებით ერთი თვე უნდა ველოდო საკონსულოს პასუხს. თუმცა, რადგან სტუდენტი ვარ და ასეთ სიტუაციაში ვიმყოფები, შესაძლოა პასუხი 10 დღეშიც მოგცეთო. რადგან სწავლა უკვე იწყებოდა, 10 დღე ვეღარ დავიცდიდი ერევანში. წამოსვლა მომიწია, მაგრამ სწავლის დასრულებამდე უკან გამგზავრება მაინც მომიწევს, რადგან 90 დღეში ვერ ვეტევი. რატომ არ შეიძლება ასეთ შემთხვევებში მაინც იყოს საშუალება ადგილზევე გაკეთდეს ვიზა,”- ამბობს სომხეთის მოქალაქე ანუშიკ ავეტიანი, რომელიც ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტია.  

კარენ ტოვმასიანიც საქართველოში, ამავე ინსტიტუტში სწავლობს. საქართველოს ახალი რეგულაციების შესახებ მანაც საქართველოში დაბრუნებამდე, სექტემბერში გაიგო.  
 
“ჩემი ვიზა 23 დეკემბერს იწურება. სწავლა კი 26 -ში მთავრდება. იძულებული გავხდები წავიდე, არადა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ყველა ლექციაზე დასწრება. უსამართლობაა, რომ სულ რაღაც 3 დღის გამო წასვლა მომიწევს. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, მაშინ ერევანში უნდა წავიდე და მინიმუმ 10 დღე ვიცადო, რომ ახალი ვიზა მომცენ. ამის დრო ნამდვილად არ მაქვს. გარდა ამისა, ვიზისთვის 50 აშშ დოლარი მომთხოვეს საკონსულოში. ზაფხულში ჩეხეთში ვიყავი კონფერენციაზე. როგორც სტუდენტმა და ჟურნალისტმა შენგენის ვიზა უფასოდ მივიღე. თუკი საქართველო ევროპულ კანონმდებლობის ჩარჩოებში ქმნის თავის რეგულაციებს, რატომ არ ითვალისწინებს ჩვენნაირი კატეგორიისთვის ამ შეღავათს, როგორც ევროპის სახელმწიფოები?”- ამბობს კარენ ტოვმასიანი. 
 
ის ამბობს, რომ გამოსავლის პოვნის ძიებაში საქართველოში სომხეთის გენერალურ კონსულსაც მიმართა. 
 
“წარმოიდგინეთ, მასაც არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია, როგორ უნდა მოვიქცეთ სტუდენტები ასეთ შემთხვევაში. თქვა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოებისთვის კონკრეტულად არ განუმარტებია ცვლილებების არსი.” 
 
ახალი სავიზო რეგულაციები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელიც საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთსაც შეეხო, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის ახალი რეგულაციების შესაბამისად, საქართველოში ვიზის გარეშე 90 დღეზე მეტხანს ამ ქვეყნების მოქალაქეები ვერ ჩამოვლენ. 

ახალმა რეგულაციებმა საქართველოში მცხოვრებ სხვა უცხოელებსაც შეუქმნა პრობლემა, მათ, ვინც საქართველოში წლების განმავლობაში ყველანაირი სავიზო რეგულაციების გარეშე ცხოვრობდა.


“მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ უცხოელ მოქალაქეს, რომელსაც ახალი სავიზო პოლიტიკის ამოქმედებასთან დაკავშირებით გარკვეული უხერხულობა და პრობლემები შეექმნა,” – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 ოქტომბერს გააკეთა. 


უცხოელი სტუდენტებისთვის დამაიმედებელი განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც. მისი თქმით, სავიზო რეჟიმში კონკრეტული პუნქტები გადაიხედება, რომლითაც საქართველოში მყოფ იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ, დოკუმენტების მოსაწესრიგებლად ვადა გაუხანგრძლივდებათ.


სტუდენტები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან იმედოვნებენ, რომ საქართველოს პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებას კონკრეტული შედეგი ექნება და ბოლო ლექციებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცემათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი