მინდა, ტერენტი გრანელს მოვუხადო ბოდიში – ბათუმის საკრებულოს წევრი

ბათუმის საკრებულოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი პატარაძემ მის მიერ ტერენტი გრანელის პროზაიკოსად მოხსენიების შემდეგ დაწყებული ჩხუბის გამო ბოდიში მოუხადა საზოგადოებას. ასევე, ბოდიში მოუხადა ტერენტი გრანელს.

“ტერენტი გრანელი პოეტიც არის და პროზაიკოსიც, მაგრამ… მე მინდა, ტერენტი გრანელს მოვუხადო ბოდიში და საზოგადოებას მინდა მოვუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან-ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი”, – განაცხადა საკრებულოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ პატარაძემ.

„ზუსტად ვიცი, ტერენტი გრანელის ერთი ლექსიც არ იცი,“ – ამ სიტყვებით მიმართა ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლი პატარიძეს. პატარიძე ამ დროს ბათუმში ტერენტი გრანელის ძეგლის დადგმის საკითხს აცნობდა საკრებულოს და პოეტი მოიხსენია, როგორც პროზაიკოსი.

პატარიძეს საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე გამოეპასუხა და უთხრა, რომ გრანელი არა პროზაიკოსი, არამედ პოეტი იყო.

„კამერების წინ კეკლუცს დაანებე თავი. შენ ხარ კამერების წინ მოკეკლუცე ადამიანი. შენ პოლიტიკოსი არ ხარ“, – უთხრა ირაკლი პატარიძემ მირდატ ქამადაძეს შენიშვნის პასუხად.

დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენს, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დღეს, 12 აპრილს, ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ცოტა ხნით ადრე, ასევე  საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ჩხუბის შემდეგ ცუდად გახდა საკრებულოს წევრი როინ ზოიძე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. მას აქვს დაზიანება თავზე და მაღალი არტერიული წნევა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ბათუმის საკრებულოში ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენიეს, რის შემდეგაც ჩხუბი ატყდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.