ახალი ამბები

რა გახდა ხელჩართული ჩხუბის მიზეზი ბათუმის საკრებულოში [ვიდეო]

12 აპრილი, 2019 • 989
რა გახდა ხელჩართული ჩხუბის მიზეზი ბათუმის საკრებულოში [ვიდეო]

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს, 12 აპრილს საკრებულოს დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ჩხუბის მიზეზი გახდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ბათუმის წყლიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია კომპანიის თანამშრომელთა ვინაობისა და ანაზღაურების შესახებ, რომელიც ფრაქციამ ვერ მიიღო.

საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე აცხადებდა, რომ სია „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტრონულ ფოსტაზე უკვე ჰქონდა და მათ ეს არ უნახავთ, მირდატ ქამადაძემ კი „ბათუმის წყლიდან“ ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული, ამობეჭდილი წერილი წარმოადგინა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომპანია უარს ეუბნებოდა ფრაქციას ინფორმაციის მიწოდებაზე.

ხმამაღალი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თავდაპირველად ერთმანეთს ხელით შეეხნენ დეპუტატები მირდატ ქამადაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ირაკლი პატარიძე „ქართული ოცნებიდან“, მოკლე ხანში პროცესი უმართავი გახდა და საკრებულოს სხდომა შეწყდა.

საკრებულოს დარბაზში შემოვიდა პოლიცია, რომელიც მანამდე შენობის გარეთ იყო მობილიზებული.

სხდომა დაახლოებით ნახევარ საათში განახლდა. საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ მოითხოვა იმ მოქალაქეების გაყვანა საკრებულოს დარბაზიდან, რომლებიც საკრებულოს დარბაზში დარჩნენ. მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაატოვებინონ საკრებულოს დარბაზი, თუ მან ხელი შეუშალა სხდომას და მოითხოვა სახელობითი სია, თუ ვინ შეუშალა ხელი სხდომის მიმდინარეობას.

პოლიცია ამ დრომდე სხდომათა დარბაზში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი