სუსი ქართული პოლიციის მიერ “ოსი მოქალაქის გატაცებას” არ ადასტურებს

ცხინვალის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ქართველმა პოლიციელებმა სოფელ ზაარდიაანთკარის მკვიდრი, 60 წლის ზურაბ ვალიევი გაიტაცეს და შემდეგ გაათავისუფლეს, ქართული მხარე არ ადასტურებს.

“გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული პირის დაკავებას ადგილი არ ჰქონია. პირის იდენტიფიცირების მიზნით, პოლიციის მხრიდან მოხდა მასთან გასაუბრება. ცენტრალური ხელისუფლება იცავს და პატივს სცემს თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას”, – განუცხადეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნეტგაზეთს.

კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანამშემწის, მურატ ჯიოევის გუშინდელი განცხადებით, “გატაცებული ოსი მოქალაქის  შესახებ “ცხელი ხაზის” საშუალებით აცნობეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ეუთოს წარმომადგენლებს, რის შემდეგად ის ოსურ მხარეს, საკუთარ სახლში მიიყვანეს”.

კონფლიქტისპირა ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ადამიანების გატაცების პრაქტიკა ახალი არ არის, თუმცა, როგორც წესი, გამყოფი ხაზის ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსი ჯარისკაცები აკავებენ/იტაცებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი