ახალი ამბები

ვვარაუდობთ, რომ 2020 წელს მთის ფაკულტეტზე პირველ ნაკადს მივიღებთ – სტუ-ს რექტორი

12 აპრილი, 2019 • 3024
ვვარაუდობთ, რომ 2020 წელს მთის ფაკულტეტზე პირველ ნაკადს მივიღებთ – სტუ-ს რექტორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის თქმით, მთის ფაკულტეტმა პირველი სტუდენტები, შესაძლოა, 2020 წლისთვის მიიღოს. რექტორი განმარტავს, რომ ფაკულტეტის სასწავლო პროგრამა ქართულ რეალობას  იქნება მორგებული.

ნეტგაზეთისთვის წერილობით გამოგზავნილ კომენტარში ფრანგიშვილი ამბობს, რომ სასწავლო პროგრამის შექმნასთან დაკავშირებით უნივერსიტეტი მოლაპარაკებებს აწარმოებს მთის საკითხებზე ორიენტირებულ უნივერიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან.

“ჩვენ გვაქვს შესაბამისი მოლაპარაკებები მთის საკითხებზე ორიენტირებულ ევროპის, როგორიცაა – შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, ირლანდია – წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან. აღმოჩნდა, რომ მთის პრობლემატიკის მხოლოდ აგრარულ ჩარჩოში ჩასმა არ არის სწორი, ის უნდა იყოს უფრო სისტემური. ამიტომ დავამუშავეთ რამდენიმე პროგრამის მონახაზი, როგორიცაა: მთის ბიოორგანული სასურსათო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია, ოთხი სეზონის ალპური ტურიზმის ინჟინერინგი, ალპური მდელოების მენეჯმენტი, ბუნებრივი ეკორისკების პროგნოზირება, იდენტიფიცირება, პრევენცია. ეს პროგრამები განსხვავებულია და პირდაპირაა მიბმული მთის პრობლემატიკაზე. როდესაც ვსაუბრობთ ოთხ-ხუთ ახალ პროგრამაზე, უმჯობესია ისინი ერთ სივრცეში იყოს თავმოყრილი, როგორიცაა „მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი“, – აცხადებს არჩილ ფრანგიშვილი.

რექტორის თქმითვე, მთის ფაკულტეტი სტუდენტებს ყველა საფეხურის პროგრამას შესთავაზებს. ამასთან, ფაკულტეტის კურსდამთავრებულები ორმაგ დიპლომებს – უცხოურსა და ქართულს- მიიღებენ. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, არჩილ ფრანგიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ამ საკითხის შესახებ საუბარი ნაადრევია, რადგან ზოგადად ეროვნულ გამოცდებზე დაფინანსების მოდელი იცვლება.

“იქნება ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიოქტორანტურა. შესაბამისი კადრები გვყავს, მუშავდება შესაბამისი უცხოური ლიტერატურა. პროგრამების მომზადების პარალელურად მიმდინარეობს დარგის სპეციალისტები მოზიდვა, რომლებიც ტრენინგებს გადიან ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. დაახლოებით 8 თვის შემდეგ ჩვენ გვექნება სრული პაკეტი როგორც სასწავლო პროგრამებისა, ასევე, სამეცნიერო თემატიკის ლიტერატურა და შესაბამისი გარემო – ინფრასტრუქტურა შესაბამისი ლაბორატორიებით. ვვარაუდობთ, რომ დამდეგ სასწავლო წელს პირველ ნაკადს მივიღებთ,” – ამბობს რექტორი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტის შექმნაზე მთავრობა 150 ათას ლარს დახარჯავს.

მთავრობის 4 აპრილის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს გამოუყოს ეს თანხა, რომელიც შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცემა.

უნივერსიტეტი ვალდებულია, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ფაკულტეტის შექმნასა და სასწავლო პროგრამის მომზადებაზე დახარჯოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი