ახალი ამბები

მსჯავრდებული სექტემბრიდან მოყოლებული ყლაპავს სხვადასხვა ნივთს — პენიტენციური

11 აპრილი, 2019 • 971
მსჯავრდებული სექტემბრიდან მოყოლებული ყლაპავს სხვადასხვა ნივთს — პენიტენციური

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებული, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პროტესტის ნიშნად რკინის ნივთები გადაყლაპა, სექტემბრიდან მოყოლებული ყლაპავს სხვადასხვა ნივთს პროტესტის ნიშნად და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადახედვას ითხოვს.

11 აპრილს მსჯავრდებულის ოჯახის ახლობელი და ადვოკატი მთავარ პროკურატურაში მივიდნენ და შალვა თადუმეძესთან და თეა წულუკიანთან შეხვედრა მოითხოვეს. მსჯავრებული, ბ.გ. სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს, სანამ მინისტრს ან მთავარ პროკურორს არ შეხვდება.

პენიტენციური სამსახურის თანახმად, 30 წლის ბ.გ 2013 წლის 4 ივნისიდან არის პატიმრობაში; 2018 წლის სექტემბრიდან კი პროტესტის ნიშნად ყლაპავს სხვადასხვა ნივთებს და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადახედვას ითხოვს.

მათივე ცნობით, 2018 წლის 29 ნოემბერს იგივე მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო, თუმცა გარკვეული პერიოდულობით შერჩევითად იღებს საკვების მცირე ოდენობას და სითხეებს.

ამჟამად მსჯავრდებული იმყოფება N18 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც 17 დეკემბერს მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს დიაგნოზით: უცხო სხეულები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

„ოპერაციული ჩარევის მიზნით, 2018 წლის 31 დეკემბრიდან 2019 წლის 2 იანვრამდე პერიოდში, ასევე 2019 წლის 22-23 მარტს, მსჯავრდებული მოათავსეს აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც ჩაუტარდა გამოკვლევები და სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაცია გაეწია, მაგრამ ოპერაციულ მკურნალობაზე კვლავ კატეგორიული უარი განაცხადა“, – აცხადებს სამსახური.

პენიტენციური სამსახურის თანახმად, მსჯავრდებული იმყოფება სხვადასხვა სახის სპეციალისტის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ; იგი 9 იანვრიდან ჩართულია სუიციდის პრევენციის პროგრამაში, უტარდება დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები.

„მსჯავრდებული მედპერსონალის მიერ ინფორმირებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსალოდნელი გართულების საფრთხესთან დაკავშირებით, თუმცა კვლავ უარს აცხადებს ოპერაციულ მკურნალობასა და ინფუზიურ თერაპიაზე, უტარდება მხოლოდ ეპიზოდური სიმპტომური დახმარება“.

პატიმარმა პროტესტის ნიშნად რკინის ნივთები გადაყლაპა – ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი