ახალი ამბები

„სახელი მაინც გადაირქვან, რა დროს ოცნებაა“ — დავით მაღრაძე „ქართულ ოცნებაზე“

11 აპრილი, 2019 • 1851
„სახელი მაინც გადაირქვან, რა დროს ოცნებაა“ — დავით მაღრაძე „ქართულ ოცნებაზე“

„სახელი მაინც გადაირქვან, რაღა დროს ოცნებაა“, — თქვა პოეტმა დავით მაღრაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ მრავალწლიანი მხარდაჭერის შემდეგ პარტიას დაუპირისპირდა.

„ეს არის ოცნება? ეს არის ოცნება, რომ გირგვლიანის საქმეზე მურუსიძე დაისახოს პატიოსნების სიმბოლოდ“? — იკითხა მაღრაძემ 11 აპრილს ტვ პირველზე ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“. შემდეგ მან ისაუბრა შალვა შავგულიძეზე, რომელიც გირგვლიანების საქმეზე სახელმწიფოს წინააღმდეგ დავობდა სტრასბურგის სასამართლოში.

შავგულიძე რამდენიმე კვირის წინ „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს. 9 აპრილს „იმედზე“ გასულ ინტერვიუში “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძეს არ ჰქონდა სამართლებრივი ბერკეტი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე დაებრუნებინა წინა ინსტანციის სასამართლოში. მისივე აზრით, გირგვლიანის საქმეზე თავად მოკლულის ოჯახის ადვოკატმა “შავგულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ”.

მაღრაძემ შავგულიძის „ევროპულ საქართველოსთან“ კავშირზე თქვა:

„არ არის ისეთი პრობლემა, უბრალოდ, არ ვიცი, არ მინდოდა, ასოცირებული მენახა იმ პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ რა უფლება მაქვს, ვუკარნახო, თავის ცხოვრებას თვითონ განაგებს ყველა. ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ შავგულიძის თავდადებული მცდელობა გირგვლიანის საქმეზე, ესეც კი ეჭქვეშ დააყენო. ეს დგება ზნეობის მიღმა და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი ვინმეს ჰქონდეს“.

ნახეთ ასევე:

„რამდენად ზნეობრივია სააკაშვილი-ივანიშვილის ტოლებად მოხსენიება“? — ივანიშვილი მაღრაძეს

მასალების გადაბეჭდვის წესი