ახალი ამბები

„ოცნებამ“ ლადო კახაძე ოფიციალურად წარადგინა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად

11 აპრილი, 2019 • 2567
„ოცნებამ“ ლადო კახაძე ოფიციალურად წარადგინა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად

„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა ლადო კახაძე — ექიმი, პოლიტიკოსი, მოცეკვავე და პოეტი.

კახაძე 11 აპრილს წარადგინეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ.

ბახტაძის თქმით, კახაძემ „სამოქალაქო აქტივობით დაამტკიცა, რომ ის არის ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციისა“.

ბახტაძემ მთაწმინდას უწოდა „გამორჩეული ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქისთვის“, კახაძეს კი — „გამორჩეული და ღირსეული კანდიდატი“.

1978 წლიდან ლადო კახაძე სამედიცინო საქმიანობით არის დაკავებული. ის აგრეთვე იყო მოცეკვავე. როგორც თავად ამბობს, ცეკვით აქვს მოვლილი მთელი მსოფლიო. სამედიცინო ნაშრომების გარდა, ლადო კახაძეს დაწერილი აქვს არაერთი მხატვრული ლექსიც.

1998-2002 წლებში ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ლადო კახაძე ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო, რომელმაც 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა აიღო, თუმცა ის მალევე გადავიდა ედუარდ შევარდნაძის პარტიაში. კახაძე განმარტავს, რომ ლეიბორისტები თავად დაუკავშირდნენ და შესთავაზეს მათ პარტიაში მისვლა, თუმცა მათ პოლიტიკურ იდეოლოგიას არ იზიარებს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ლადო კახაძემ პაატა ბურჭულაძის პარტიას “სახელმწიფო ხალხისთვის” 60 000 ლარი შესწირა და ამავე პარტიის სახელით კენჭი იყარა მთაწმინდის ოლქში, სადაც მხოლოდ 618 ხმა მიიღო. მასზე მეტი ხმა მოაგროვეს სალომე ზურაბიშვილმა, ნიკა რურუამ, ნიკოლოზ ფრუიძემ, დავით თევზაძემ, ლადო სადღობელაშვილმა, თამარ კორძაიამ და გრიგოლ ბარამიძემ.

2002 წელს ლადო კახაძეს ღირსების ორდენი გადასცეს, ხოლო 2018 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

ნახეთ ასევე:

მთაწმინდის მაჟორიტარობის მსურველი 11 კანდიდატი

მასალების გადაბეჭდვის წესი