ახალი ამბები

ირანში კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს

11 აპრილი, 2019 • 1730
ირანში კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს

ირანში კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს, რომელიც ქვეყანაში მოქმედ სავალდებულო ჰიჯაბის კანონს ეწინააღმდეგება. “ამერიკის ხმის” სპარსული სამსახურის თანახმად, 23 წლის იასამან არიანი ოთხშაბათს, 10 აპრილს, მამის სახლიდან აიყვანეს.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, აქტივისტი ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა და დაკავების ცენტრში გადაყვანის შესახებ აცნობა. არიანიმ ოჯახს ასევე ამცნო, რომ საქმე მის წინააღმდეგ პროკურატურამ აღძრა.

პოლიციამ სახლში ჩხრეკაც ჩაატარა და აქტივისტის პირადი ნივთები, მათ შორის, მობილური ტელეფონი წაიღო.

იასამან არიანი 2018 წლის ზაფხულშიც დააკავეს და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. “ირანის ადამიანის უფლებათა მონიტორის” თანახმად, მაშინ აქტივისტის დაკავების მიზეზი მოხუცი ქალის დახმარება გახდა, რომელსაც, ორგანიზაციის თანახმად, არიანი პოლიციის ძალადობისაგან იცავდა. ის ციხიდან ვადაზე ადრე, მიმდინარე წლის თებერვალში გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ არიანი კვლავ ჩაერთო აქტივიზმში და 8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, თეირანის მეტროში, სხვა აქტივისტებთან ერთად, საჯაროდ გამოხატა პროტესტი სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ.

ირანში არაერთი აქტივისტი და ქალთა უფლებადამცველი იმყოფება პატიმრობაში. მიმდინარე წლის მარტში ცნობილ უფლებადამცველ ნასრინ სოთუდეს, ოჯახის ცნობით, 38-წლიანი პატიმრობა და 148 შოლტი მიუსაჯეს. ის სხვა ოპოზიციონერ აქტივისტებთან ერთად იმ ქალების უფლებებსაც იცავდა, რომლებიც ირანში სავალდებულო ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის გამო მისცეს პასუხისგებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი