ახალი ამბები

რიგითობა თუ რეფორმების აღიარება – რატომ ხდება საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე?

11 აპრილი, 2019 • 2933
რიგითობა თუ რეფორმების აღიარება – რატომ ხდება საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე?

2019 წლის ნოემბერში საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა, რომელიც თითოეული წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა ან სტრასბურგში მათი მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლებისგან შედგება. ის განსაზღვრავს ევროპის საბჭოს პოლიტიკას, ამტკიცებს ორგანიზაციის ბიუჯეტს და საქმიანობის პროგრამას.

საქართველო ორგანიზაციას 2020 წლის მაისამდე უხელმძღვანელებს, შემდეგ კი თავმჯდომარეობას საბერძნეთს გადააბარებს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობა საქართველოს მთავრობის წევრებმა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების აღიარებად წარმოაჩინეს, მაშინ როდესაც თავმჯდომარეობა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებზე ანბანის მიხედვით გარდამავალია.

“[ევროსაბჭოში გაწევრების] 20 წლისთავზე საქართველო ხდება ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ნოემბერში ვიღებთ თავმჯდომარეობას და ეს არის დასტური იმისა, რომ ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ევროპის საზღვრებში დემოკრატიის, თავისუფლების, კანონის უზენაესობის განვითარებას, თავმჯდომარეობას ანდობს ქვეყანას. ეს არის პირველ რიგში აღიარება – საქართველოს აღიარება, საქართველოს ხელისუფლების აღიარება, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარება ყველა ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამას ჩვენ განსაკუთრებული შეფასება უნდა მივცეთ”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) სიტყვით გამოსვლის შემდეგ მსგავსი შეფასება გააკეთა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც.

“ჩვენ წლის ბოლოს ვხდებით [ევროპის საბჭოს] თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს აღიარება იმ რეფორმებისა, რომელიც ჩვენ გავატარეთ. გარდა ამისა, ეს არის აღიარება იმისა, რომ ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ გავატარებთ, იქნება ასეთივე წარმატებული და საქართველო გააგრძელებს სვლას ევროპისკენ”, – თქვა პრემიერმა.

მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის წესის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ნათქვამია, რომ მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე იცვლება ექვს თვეში ერთხელ, წევრ სახელმწიფოთა ინგლისური ანბანის თანმიმდევრობით.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წელს გახდა. გაწევრებიდან 20 წლისთავზე ქვეყანა ევროსაბჭოს  მინისტრთა კომიტეტს პირველად უხელმძღვანელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი