ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა: ყოველდღიურად თბილისიდან და ბათუმიდან შესრულდება ორ-ორი რეისი

8 ოქტომბერი, 2014 • 2800
საქართველოს რკინიგზა: ყოველდღიურად თბილისიდან და ბათუმიდან შესრულდება ორ-ორი რეისი

 

„თბილისი-მახინჯაურის ღამის მატარებლის ნაცვლად, რომელიც მოძველებული ტიპის საკლასო ვაგონებით იყო დაკომპლექტებული, უახლესი ელექტრომატარებლები იმოძრავებს. საქართველოს რკინიგზის სტრატეგიის შესაბამისად, მოხდება ყველა მოძველებული ვაგონის ახალი ელექტრომატარებლით ჩანაცვლება, მოძრავი შემადგენლობის პარკის განახლება თანამედროვე, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული ჩქარი ელექტრომატარებლებით.

 

1980 წელს დამზადებულ საკლასო მატარებელები ვერ აკმაყოფილებდნენ თანამედროვე სტანდარტებს. თბილისიდან ბათუმამდე მსვლელობის დრო იყო 8 საათი და 30 წუთი. თანამედროვე ელექტრომატარებელი, რომელიც 2013-2014 წლებშია გამოშვებული, 5 საათსა და 15 წუთში ფარავს აღნიშნულ მარშრუტს, რაც მგზავრობის ხანგრძლივობას სამ საათზე მეტით ამცირებს. ახალი მატარებლები აღჭურვილია როგორც ცხელი, ასევე ცივი სასმელების და კვების აპარატებით, WI-FI სიტემით.

 

ბოლო თაობის მატარებლები გაცილებით უფრო კომფორტულია, ვიდრე ძველი. გაუმჯობესებულია უსაფრთხოების პარამეტრები. 

 

თანამედროვე ელექტრომატარებლებში გაზრდილია სამგზავრო ადგილებიც. ძველი მატარებლის შემადგენლობას ერთ რეისზე მხოლოდ 144 მგზავრი შეეძლო გადაეყვანა, ახალ მატარებელში ადგილების რაოდენობა 310-მდე გაიზარდა. ყოველდღიურად თბილისიდან და ბათუმიდან შესრულდება ორ-ორი რეისი, რომლებიც მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს ერთი დღის განმავლობაში ჩავიდნენ და უკან დაბრუნდნენ დედაქალაქსა თუ ბათუმში.  

 

ელექტრომატარებლების განრიგი მორგებულია საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობასთან. ტრადიციულად, ზაფხულის სეზონისათვის შავიზღვისპირეთის მიმართულებაზე მგზავრთა ნაკადის მომატებასთან ერთად, გაიზრდება დამატებითი ელექტრომატარებლების რაოდენობაც.

 

ასე რომ, ჩქარი ელექტრომატარებლები, რომლებიც ბათუმის მიმართულებით იმოძრავებს, სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და კომფორტის სტანდარტებს. მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ გაუმჯობესებული მომსახურების ხარისხი (უფასო WIFI, უფასო სასმელი წყალი და მატარებლებში განთავსებული ვენდინგ აპარატები) და, რაც მთავარია, მოკლე დროში ჩავიდნენ დანიშნულების ადგილზე.
ახალი ელექტრომატარებლით რეისის შესრულება საშუალოდ 40%-ით უფრო ნაკლები უჯდება კომპანიას, ვიდრე მოძველებული მატარებლით“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი