ჯულიან ასანჟი ლონდონში დააკავეს [video]

ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დღეს, 11 აპრილს, ლონდონში დააკავეს. თითქმის 7 წლის განმავლობაში ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა.

პოლიციის ინფორმაციით, ეკვადორის საელჩომ ასანჟს თავშესაფარზე უარი უთხრა. მათივე ცნობით, პოლიციის ოფიცრები საელჩოში ელჩმა მიიწვია.

ვიკილიქსმა ტვიტეტზე დაწერა, რომ ეკვადორის მხრიდან ასანჟისთვის თავშესაფარზე უარის თქმა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.

ასანჟი საელჩოში 2012 წლიდან ცხოვრობს. ის შიშობდა, რომ საელჩოს დატოვების შემთხვევაში, ბრიტანელი სამართალდამცავები დააკავებენ და აშშ-ს გადასცემენ, სადაც 2010 წელს გასაჯაროებული საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებისთვის გაასამართლებენ.

ჟულიან ასანჟზე ძებნა შვედეთს ჰქონდა გამოცხადებული, რადგან მას ორი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

ჟულიან ასანჟი და მის მიერ  დაფუძნებული ვიკილიქსი წლების განმავლობაში ასაჯაროებდა ამერიკის დაზვერვის უმნიშვნელოვანეს მიმოწერებს და მონაცემებს. აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნულის გამო ამერიკის დაზვერვას უდიდესი ზიანი მიადგა, მათ შორის, კონკრეტული ადამიანების გაშიფვრით. სწორედ ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ ჟულიან ასანჟი ამერიკული სასამართლოს წინაშე წარდგეს.  ამ წუთისათვის აშშ-ს ოფიციალურად არ აქვს წაყენებული ასანჟის დაკავებისა და გადაცემის მოთხოვნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.