ახალი ამბები

თემურ ნადარაია: ჟენევაში იმხელა სიძულვილი მოდის ქართული დელეგაციიდან

11 აპრილი, 2019 • 2909
თემურ ნადარაია: ჟენევაში იმხელა სიძულვილი მოდის ქართული დელეგაციიდან

გალის რაიონის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ, რომელიც პირველად მონაწილეობდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, აფხაზურ მედიასთან შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა.

“პირველად ვმონაწილეობ ჟენევის დისკუსიებში და, ვფიქრობ, ეს არასწორია – აქამდეც უნდა ვყოფილიყავი როგორც იმ რაიონის ხელმძღვანელი, სადაც იქ განხილული ძირითადი პრობლემებია თავმოყრილი. ვფიქრობ, როტაციით უნდა ხდებოდეს მონაწილეობა და რაც შეიძლება ბევრი ჩვენი პოლიტიკოსი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი უნდა წავიდეს. უნდა ნახონ რეალური სურათი, რა ხდება.  შოკში იქნებოდა მოსახლეობა. ეს გაგონებს 90-იან წლების აფხაზეთის პარლამენტში ქართულ და აფხაზურ ფრაქციებს შორის დაპირისპირებას. რაღაც დავიწყებული ამბები ხდება იქ”.

გალის დე ფაქტო ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჟენევის დისკუსიებს აქამდე სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა, აზრი არც ახლა შეუცვლია.

“მეც, როგორც ბევრი, ვფიქრობდი, რომ ჟენევის დისკუსიები არ გვჭირდება და ეს არის უბრალოდ ფულისა და დროის ფლანგვა. მაგრამ როდესაც ამ მოვლენების შუაგულში აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვმონაწილეობდეთ აქ და საერთაშორისო საზოგადოებამდე ჩვენი აზრი მივიტანოთ. როდესაც ჩვენი ხმა არ ისმის, ტერორისტულ ორგანიზაციად შეიძლება წარმოგვაჩინონ.

ეს ვიზიტები იმითაცაა სასარგებლო, რომ ვარდისფერ სათვალეს იხსნი და წარმოდგენა გეცვლება იმ დასავლეთზე, რომელზეც გიყვებიან, რომ იქ მშვენიერი ცხოვრებაა. ცხოვრება იქაც რთულია, ისინი მუდმივად მუშაობენ, მაღალი გადასახადები აქვთ, თუმცა საკუთარი კეთილდღეობა საკუთარი ხელებით აქვთ შექმნილი”.

აქვე ნადარაია, მოლაპარაკებების დროს, ქართულ მხარეს სიძულვილში ადანაშაულებს:

“ჩვენ არ უნდა ვიყოთ თავდაცვისა და თავის მართლების პოზიციაში აქ, შეტევაზე უნდა გადავიდეთ, და ეს უნდა გაკეთდეს გონივრულად და დიპლომატიურად.  მუდმივად პასუხი გვიწევს კითხვებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. ასეთი დარღვევები, რომლებსაც ჩვენ გვაბრალებენ, გარწმუნებთ, დასავლეთში ყოველდღე ასეულობით ხდება. მაგრამ მათ, ბუნებრივია, ამის დანახვა არ სურთ და მხოლოდ ჩვენი დარღვევების ნახვა შეუძლიათ.

საქართველო მოლაპარაკებების დროს ყველაფერში რუსეთის ფედერაციას ადანაშაულებს. თითქოს, რომ არა ის, ჩვენ ერთმანეთში მოვილაპარაკებთ. მე უბრალოდ გავოგნდი იმ სიძულვილისგან, რომელიც ქართული დელეგაციიდან მოდის. თუმცა ვიტყვი იმას, რომ ლანჩის დროს სხვანაირად ვსაუბრობდით, მაგრამ შევიდოდით თუ არა მოლაპარაკებათა დარბაზში, ისინი ნიღბებს ირგებდნენ და, როგორც ზომბირებულები, ერთსა და იმავეს იმეორებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე”.

სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი