ახალი ამბები

მთავრობა დაცულ ლანდშაფტებში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის დასაშვებობას ითხოვს

11 აპრილი, 2019 • 1032
მთავრობა დაცულ ლანდშაფტებში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის დასაშვებობას ითხოვს

კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე “ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის” მშენებლობას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვებს ხდის.

საუბარია კანონპროექტზე “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“.

კანონში არსებულ აღნიშნულ ჩანაწერს მოწინააღმდეგეები ჰყავს პარლამენტში. საკომიტეტო განხილვაზე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტიის თავმდჯომარემ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ კომიტეტი დოკუმენტს იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ კანონპროექტიდან აღნიშნულ ჩანაწერს ამოიღებენ:

“აღნიშნულ ჩანაწერს კომიტეტი პრინციპულად არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ჩანაწერი უნდა იქნას ამოღებული. აღნიშნული კანონის პროექტის გნმარტებითი ბარათი ამბობს, იმისთვის, რომ დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტების განხორციელებაში ჩართული იყოს ცენტრალური ხელისუფლება, კეთდება დათქმა, რომ ასეთ ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის პროექტების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას განკარგულებით მიიღებს საქართველოს მთავრობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

კომიტეტი თვლის, რომ გნამარტებითი ბარათიდანაც ამოღებული უნდა იქნას ჩანაწერი მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, რადგან ის დაცული ლანდშაფტების შექმნის პრინციპს ეწინააღმდეგება” ,- წერია კომიტეტის დასკვნაში, რომელიც ზაზა გაბუნიამ დეპუტატებს გააცნო.

კანონპროექტის ამ დათქმას ეწინააღმდეგება პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავაც. დეპუტატის თქმით, აღნიშნული კანონპროექტით ორი ახალი დაცული ლანდშაფტი იქმნება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა ის მუხლები, რომლებიც დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხება, წამყვანი კომიტეტისთვისაც მიუღებელია:

“გაუგებრობა, რომელიც გამოიწვია ორმა მუხლმა, რომელიც ეხება დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში ცვლილებებს, არც ჩვენთვისაა მისაღები.

ერთ-ერთი მთავარი გაუგებრობა დაიწყო იქიდან, რომ განმარტებით ბარათში გაჩნდა ჩანაწერი, მასშტაბური ენერგეტიკული პროექტები.  პირველი, რაც უნდა იქნას ამოღებული განმარტებითი ბარათიდან, არის ეს ტერმინი. არც კი უნდა იყოს დასაშვები ნებისმიერი სახის, არათუ მასშტაბური, მცირე ენერგოპროექტების განხორციელება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელიც უკვე არსებობს ქვეყანაში”, – ამბობს კუჭავა.

მისი თქმით, არაგვსა და თრუსოში ამ კანონპროექტით დაცული ლანდშაფტები იქმნება, რომლის ტერიტორიაზეც, 20-მდე სოფელი ექცევა. დეპუტატის თქმით, დაცული ტერიტორიის შექმნით, ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც ელექტროენერგია არ აქვს, ამის შესაძლებლობა არ უნდა წაერთვას:

“ამ სოფლებში დღემდე არ არის ელექტროენერგია მიყვანილი. ამ დაცული ტერიტორიის შექმნით არ უნდა წავართვათ მათ საშუალება, რომ ვერ მიიღონ ელექტროენერგია. რა ფორმით მიიღებენ, ეს უკვე მსჯელობის საგანია. იქნება ეს სოლარული ენერგია თუ მიკროტურბინები, რომელსაც არანაირი გავლენა არ აქვს გარემოზე, ეს მაჯელობის საგანია.

თუმცა, პირადად ჩემი აზრია და ამის განხილვის საშუალება ჩემს კომიტეტზე გვექნება, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არ იძლევა ამის საშუალებას. იმდენად ფართოა აქ წარმოდგენილი მუხლი, რომ საშუალება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ მსურველს, თუ ამის ნებართვას აიღებს ეკონომიკის სამინისტროსგან, ჩადგას რაც უნდა, რა ზომისაც უნდა და, რაც ყველაზე ცუდია, კომერციული მიზნებისთცისაც, რაც უნდა იყოს გამორიცხული მაგავსი დაცული ლანდშაფტის არსებობის შემთხვევაში.

უნდა იყოს მითითებული, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, სოფლებზეა საუბარი, მათი საჭიროებიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე შეიძლება გარკვეული გამონაკლისი გაკეთდეს. ის, თუ როგორ ჩამოყალიბდება [ფორმულირება], ამაზე გვაქვს კიდევ დრო”, – ამბობს დეპუტატი.

პარლამენტის ცნობით, წარმოდგენილ შენიშვნებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და საკითხის მომხსენებელი ნინო თანდილაშვილიც დაეთანხმა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი აღნიშნული შენიშვნებით დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი