ახალი ამბები

კომიტეტმა მოსამართლეთა არჩევის შესახებ ბესელიას და 12 დეპუტატის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

11 აპრილი, 2019 • 948
კომიტეტმა მოსამართლეთა არჩევის შესახებ ბესელიას და 12 დეპუტატის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა არჩევის შესახებ კანონპროექტს. რომელიც ეკა ბესელიასა და 12 დეპუტატის მიერ  არის მომზადებული.

პროექტს კომიტეტის 3-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 5-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, რომ განხილვა ფორმალური ხასიათის იყო და კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდნენ.

“ამ კანონპროექტის მიხედვით იუსტიციის საბჭო სასამართლოში ხდება კანცელარია. კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა; ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია და ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას”,- განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

ეკა ბესელიამ კომიტეტს საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხის განხილვას. ამასთან, ბესელიას თქმით, კობახიძის კაბინეტის მიერ ინიცირებული პროექტის პირველი მოსმენით მიღება ბარიერს არ წარმოადგენს, ვინაიდან ბოლოს მიღებულ კანონს უპირატესი ძალა აქვს.

ბესელიამ არ გაიზიარა უმრავლესობის წევრების შენიშვნა იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არღვევს კონსტიტუციით დადგენილ ბალანსს სასამართლო ხელისუფლებასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის. ბესელიას თქმით, კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარმდგენი პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოთი შეიცვალა, თუმცა მოსამართლეების დამტკიცების პრეროგატივა ყოველთვის პარლამენტს ჰქონდა.

სხდომაზე ეკა ბესელიამ გაიხსენა, რომ იუსტიციის საბჭოს მდივნის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში მოსამართლე ჩინჩალაძის მოთხოვნისამებრ შევიდა.

“კონსტიტუციაში ცვლილებების პროცესს ექსკლუზიურად წარმართავდა პარლამენტის თავმჯდომარე. იურიდიულმა კომიტეტმა მოამზადა ვრცელი შენიშვნები, რომლებიც არ იქნა გაზიარებული. მეორე მოსმენაზე შენმა მეგობარმა ჩინჩალაძემ ირაკლი კობახიძეს მის კაბინეტში დაწერილი ტექსტი მიუტანა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი კონსტიტუციაში უნდა ეწეროს. ასევე დაემატა არჩევის პროცედურა. შენ, ირაკლი კობახიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ ერთმანეთში გაარკვიეთ, როგორ გაჩნდა ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში, კიდევ რისი ჩაწერა უნდოდათ და არ გავატანინე”,- მიმართა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს.

მოგვიანებით ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან უარყო, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი.


“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში 13 დეპუტატის მიერ ინიცირებული ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს ახლებურად განსაზღვრავს. პროექტის თანახმად, მოსამართლეთა წარდგენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან 2/3 კვორუმით ხდება. საჭირო ხდება როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა შერჩევის ღია და საჯარო კონკურსის ჩატარებას.

“ამავე დროს, იუსტიციის საბჭოსთვის ამ ინიციატივით დადგენილი იქნება კვორუმი 2/3-ის შემადგენლობით. კანონპროექტით, უზენაეს სასამართლოში არჩევისთვის დამაბრკოლებელი გარემოება შეიძლება გახდეს მოსამართლისთვის პოლიტპატიმრების საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილება და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მის მიერ გამოტანილ განაჩენზე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური;

მასალების გადაბეჭდვის წესი