I კვარტალში ბათუმიდან ნავთობის გადაზიდვები 29%-ით შემცირდა — Reuters

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვები 2019 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 29%-ით შემცირდა, — იუწყება გამოცემა „როიტერსი“ (Reuters) კომპანია „ყაზმუნაიგაზში“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

2019 წლის პირველი კვარტალში, ანუ სამ თვეში — იანვარში, თებერვალსა და მარტში, — გადაზიდვები 212 949 ტონამდე შემცირდა; წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან, 300 527 ტონასთან, შედარებით ეს რაოდენობა 87 578 ტონით ნაკლებია, — 29%-ით ნაკლები.

პირველ კვარტალში ნედლი ნავთობი, ნაფთა [ნავთობპროდუქტი], ავიასაწვავი ან ვაკუუმის გაზოილი [ნავთობის გამოხდის თხევადი პროდუქტი] ბათუმიდან საერთოდ არ გადაუზიდავთ, – წერს გამოცემა „როიტერსი“ „ყაზმუნაიგაზში“ მაღალ თანამდებობაზე მომუშავე წყაროზე დაყრდნობით. „ყაზმუნაიგაზი“ ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიაა, რომელიც ბათუმის პორტში ოპერირებს.

გამოცემის თანახმადვე, ბათუმიდან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვები ბოლო წლებში მცირდება ნაწილობრივ იმის გამო, რომ აზერბაიჯანი ამჯობინებს, ბათუმის გავლის ნაცვლად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ან ყულევის ტერმინალის გავლით გადაზიდოს ნავთობი.

თუკი 2017 წელს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვებმა ბათუმიდან 2,1 მილიონი ტონა შეადგინა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 1,03 მილიონი ტონა იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com