ახალი ამბები

ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ისტორიას ამახინჯებს

11 აპრილი, 2019 • 1547
ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ისტორიას ამახინჯებს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი, რომელმაც მმართველი პარტია დღეს დატოვა, აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, თითქოს სანდრო გირგვლიანის საქმეში ლევან მურუსიძე გმირია, ხოლო ვინც ამ მოსაზრებას არ იზიარებს, ყველა ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს.

მისი თქმით, მიმდინარეობს 2012 წლამდე მოვლენების წაშლა და საზოგადოებისთვის არასწორი აზრის თავს მოხვევა.

ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, აქამდეც არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია იმის შესახებ, რომ მისთვის მიუღებელია ყველა შემოთავაზება, რომელიც ზონდერების და ნაცმოძრაობის ნარჩენების რეამინაციას ითვალისწინებს.

“პარტიის თავმჯდომარემ ახსენა, რომ პოზიცია არ გვქონდა. ჩვენ 2013 წელსაც გვქონდა პოზიცია, 2014 წელსაც  და, სხვათა შორის, “რუსთავი 2″ დაგვეხმარა იმ ჩანაწერის გავრცელებაში, სადაც ჩემი და ვანო ზარდიაშვილის პოზიცია/დამოკიდებულება ძალიან მარტივად იკითხება და იცნობა.

ჩვენ არ ვიყავით მხოლოდ ასე მშვიდად დედაქალაქის საკრებულოს თემებით შემოფარგლული. ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც გვქონდა ამ თემებთან დაკავშირებით კომუნიკაცია და ღიად ვაფიქსირებით ძალიან ბევრ საკითხზე პოზიციას არა მარტო ზარდიაშვილზე, არამედ ნაცმოძრაობის არაერთ ნარჩენზე, რომლებიც ხელს უშლიდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს. ჩემზე და ვატო შაქარიშვილზე არ არის მხოლოდ აქ საუბარი.

ამ ადამიანების ყოფნა უნდა დამთავრდეს საერთოდ, ვინც შევარდნაძის მთავრობაშიც კარგი იყო, სააკაშვილის მთავრობაშიც, ივანიშვილის მთავრობაშიც კარგია და შემდეგ ხელისუფლებებშიც კარგი იქნება”, – აცხადებს ჯიშკარიანი.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი იხსენებს 2011 წლის ინციდენტს სასამართლო პროცესზე, როდესაც ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა:

“შესაძლოა, ეს მეთქვა რომელიმე გადაცემაში, რადგან დღევანდელი თემა არ არის. ჟუნრალისტებს გემახსოვრებათ 2011 წლის სასამართლო პროცესი, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ჩემს, ვანო ზარდიაშვილსა და მის მანდატურის სამსახურს შორის, როდესაც მან უშვერი სიტყვებით მოიხსენია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჰყავდეს ეს ადამიანი!

მაშინ საკადრისი პასუხი გავეცით და ყველა დაგვაპატიმრეს ამის გამო, მაგრამ თუ ბიძინა ივანიშვილის არჩევანია ვანო აზრდიაშვილი, შემდეგში აჩიკო გეგენავა იქნება, მაისში ვანო მერაბიშვილიც გამოვა ციხიდან, ადეიშვილიც ჩამოვა, კი ბატონო, დაკომპლექტდეს ახლა ამ ადამიანებით.

როცა თვისობრივი აღრევა ხდება ამ ყველაფრის და როცა არ არის დაცული ის ხაზი/ღირებულებები, მთელი საზოგადოება გავემიჯნებით ამ პროცესს”.

მისი განცხადებით, მმართველი პარტიის მხრიდან მიმდინარეობს საზოგადოებაზე ზეწოლა და აზრის თავს მოხვევა, თითქოს ლევან მურუსიძე გმირია, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილი და ყოფილ ხელისუფლებასთან მებრძოლი ყველა პირი ენმ-ის წისქვილზე წყლის დამსხმელი და ნაციონალი:

“ჩემთვის ეს არის შეურაცხმყოფელი და მიუღებელი. ძალიან ძვირფასია ის წლები, რომელიც გამოვიარეთ ქართულ საზოგადოებასთან ერთად. მინდა გავიხსენო 16 მაისი და 7 ნოემბერი, რითაც ეს ხელისუფლება მოვიდა მთავრობაში. სწორედ ეს კადრები იყო… სწორედ სანდრო გირგვლიანისა და 7 ნოემბრის თემით მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში. ეს ფონი შევქმენით თითოეულმა ჩვენგანმა ქართულ საზოგადოებასთან ერთად. დღეს ამ ისტორიის წაშლა მიმდინარეობს. მიმდინარეობს [აზრის ჩამოყალიბება], თითქოს ისტორია დაიწყო 2012 წლიდან”.

როგორც ჯიშკარიანი აცხადებს, მმართველ გუნდში ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ კომპლექსი, რომ არ არსებობდნენ 2012 წლამდე, რადგან ისინი იშვნენ 2012 და 2014 წლებში.

“მათი ისტორია სწორედ 2012 წლიდან დაიწყო. ისინი ჩვენზე უფროსებიც არიან ასაკით, მაგრამ მათ არასდროს ჰქონიათ პროტესტი სანდრო გირგვლიანზე – ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც ოქროყანის ტყეში აწამეს… ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ამომავალია ეს თემა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასე სვამს პარტიის თავმჯდომარე საკითხს: ლევან მურუსიძე არის გმირი, ხოლო დანარჩენი, ვინც სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის უფლებებს იცავდნენ, 7 ნოემბრის და 26 მაისის სადარაჯოზე იდგნენ, ყველანი არიან ნაცების წისქვილზე წყლის დამსხმელი, რა თქმა უნდა, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია”, – ამბობს ჯაბა ჯიშკარიანი.

ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, სწორედ ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება, 13 აპრილს, 14:00 საათზე, შეუერთდეს “დაიცავი საქართველოს” ღონისძიებას.

ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა “ოცნება” დატოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი