ახალი ამბებიკომენტარი

„სირცხვილი იმ გუთნისდედას, მამა-პაპის საფლავს ხნავდეს“- სონღულაშვილი აღმოჩენილ სამარხზე

11 აპრილი, 2019 • 3809
„სირცხვილი იმ გუთნისდედას, მამა-პაპის საფლავს ხნავდეს“- სონღულაშვილი აღმოჩენილ სამარხზე

„სირცხვილი იმ გუთნისდედას, მამა-პაპის საფლავს ხნავდეს“ – ამ სახელწოდებით ავრცელებს წერილს 

თბილელი მიტროპოლიტი საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიიდან მალხაზ სონღულაშვილი ბათუმში აღმოჩენილ სამარხის შესახებ. . მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:


სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სამაროვნის აღმოჩენამ ლამის გრაფიკულად გაგვახსენა ყველას ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული წარსულის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფურცელი. სიტყვა  „სამაროვანს“ მსხვერპლების ხსოვნის პატივსაცემად ვხმარობთ აქ, თორემ ისე ორმოში ჩაყრილი ადამიანების  გვამების ნაშთებთან გვაქვს საქმე.  სავარაუდოდ, სამაროვანში რეპრესიების  მსხვრპლთა ოჯახის წევრებს ეგულებათ თავიანთი წინაპრები, ზოგი მათგანი მუსლიმი სასულიერო პირი იყო, ზოგი- საერო, ზოგი- ქრისტიანი, ზოგიც, ალბათ, არცერთი რელიგიის წრმომადგენელი არ იყო.  მთავარი ის არის, რომ ისინი ადამიანები იყვნენ, რომელთა სიცოცხლეც  საბჭოური ტერორის მსახვრალ ხელს შეეწირა.

ამ ამბავთან დაკავშირებით რამოდენიმე უცნაურ გარემოება გამოიკვეთა.

[checklist]

  • ამ ტრაგიკული ბედის ადამიანთა ნეშტების აღმოჩენა რატომღაც გაასაიდუმლეს და თურმე უკვე მეორე წელია, რაც  საზოგადობას უმალავდნენ ამ ამბავს. რატომ? ვინ არის ამ კითხვზე პასუხის გამცემი, ეს არავინ იცის;
  • თურმე ყველა ნეშტი გადაუმალავთ ბათუმის ყოფილი კათოლიკური ეკლესიის სარდაფში  და აქამდე არ ახმაურებდნელ ამას. რატომ? ნუთუ სახელმწიფოს არ აღმოაჩდა მათ ნეშტთა ჯეროვნად დაბინავებიათვის ადგილი;
  • ყოველგვარი იდენტიფიცირების გარეშე ხელისუფლება აპირებს საჩქაროდ დაკრძალოს ყველა ნეშტი ქრისტიანული წესით, ეს მაშინ, როცა შეიძლება მსხვერპლთა უმეტოსობა თუ არა, ანგარიშგასაწევი ნაწილი, ისლამური რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ. ვინ არის დაინტერესებილი იმ საწყალი ხალხის მუსლიმური ინდენტობის წაშლითა და მიჩქმალვით? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხებია გასაცემი.

[/checklist]

დალაგებული და კულტურული საზოგადოება ასეთ შემთხვევაში ასე უნდა მოიქცეს: დაუყოვნებლივ უნდა შექმნას კომისია, რომელშიც საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად შევლენ მუსლიმი და ქრისტიანი სასულიერო პირები, ისტორიკოსები, მეცნიერები. იმ ადამიანების ხსოვნა არცერთი ორგანიზაციისა და სტრუქტურის საკუთრება არ არის. მათი ტრაგედია მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა.

ეს ჩვენი თაობის  ღირსების საქმეა, რომ მოხდეს, რამდენადაც ეს შესაძლებალია,  იდენტიფიცერება და მათთვის ჯეროვანი განსასვენებლის მიჩენა. ეს პასუხისმგებლოვბა, ცხადია, სახელმწიფომ უნდა იკისრიოს. თუ ამას ჩვენი თაობა არ გააკეთებს, მომდევნო თაობებს დასჭირდებათ ჩვენთვის ნამუსის მოწმენდაზე ფიქრი.

საჭიროა, რომ  ეჭვი გაიფანტოს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ჩვენ გვჭირდება გონიერება  და მგრძნობიარობა  გამოვიჩინოთ სტალინური რეჟიმის მსხვერპლების მიმართ.

დაბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ  ჩვენ აქ გახრწნილ ჩონჩხებთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ადამიანური სისასტიკისა და გულქვაობის უტყვ მოწმეებთან. ძალიან დასანანი იქნება, თუკი ჩვენ მათ ჩვენივე წინდაუხედაობისა და სიბრიყვის მოწმეობის ტვირთსაც ავკიდებთ.

ნათელში ამყოფოს უფალმა სტალინური ტერორის მხვერპლთა სულები.

 

თბილელი მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი

საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი