ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, ქვეითად მოსიარულე მეთორმეტეკლასელ მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი ე.წ. ზებრაზე გადადიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.