ახალი ამბები

ერდოღანი სტამბოლის შედეგების გაუქმებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვს

10 აპრილი, 2019 • 1751
ერდოღანი სტამბოლის შედეგების გაუქმებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ სტამბოლში ადგილობრივი არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს, არსებული შედეგები კი, რომელთა მიხედვითაც, ოპოზიცია ლიდერობს – გაუქმდეს. ერდოღანი ამის მიზეზად დარღვევებს ასახელებს, რომლებსაც, მისი და მისი პარტიის მტკიცებით, 31 მარტის ადგილობრივ არჩევნებზე, სტამბოლში ჰქონდა ადგილი.

როგორც Reuters თურქულ პროსამთავრობო გამოცემა “Sabah”-ზე დაყრდნობით იუწყება, თურქეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დარღვევებს ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბნებზე მომუშავე პირების შემთხვევაში: მისი განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში არ შესრულდა კანონის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ყუთებთან მხოლოდ საჯარო მოხელეები უნდა მდგარიყვნენ.

ერდოღანმა და მისმა პარტიამ სტამბოლის შედეგების გაუქმება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოსაგან მთელი ქალაქის მასშტაბით ხმების ხელახალ გადათვლაზე უარი მიიღეს. მანამდე, მმართველი პარტიის მოთხოვნით, სტამბოლის საარჩევნო უბნების ნაწილში ხმები რამდენჯერმე გადათვალეს, რის შედეგადაც სახელისუფლებო კანდიდატსა და ოპოზიციური პარტიის კანდიდატს შორის სხვაობა შემცირდა, თუმცა შედეგი არსებითად არ შეცვლილა: “რესპუბლიკური პარტიის” თანახმად, მათი კანდიდატი ექრემ იმამოღლუ 15 000 ხმით უსწრებს “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” კანდიდატს, თურქეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბინალი ილდირიმს.

ერდოღანის რიტორიკა სტამბოლის შედეგებთან დაკავშირებით განსაკუთრებით ორშაბათს გამწვავდა, როცა პრზიდენტმა განაცხადა, რომ სტამბოლში არჩევნების დროს “ორგანიზებულ დანაშაულს” ჰქონდა ადგილი. არჩევნების ხელახლა ჩატარების იდეას ერდოღანის კოალიციური პარტნიორი, “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის” ლიდერი დევლეთ ბაჰჩელიც უჭერს მხარს.

მმართველი პარტიის განცხადებებს ოპოზიციის კანდიდატი არაერთგზის გამოეხმაურა. ექრემ იმამოღლუმ ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შეცდომას უშვებს ის, ვინც თავს არ ზოგავს ერდოღანის პარტიის სტამბოლის სათავეში დასატოვებლად.

“არჩევნების გამარჯვებული ნათელია და ხალხი ქუჩაში ამას უკვე დაეთანხმა. შეგიძლიათ, იშრომოთ და 5 წლის შემდეგ მოიგოთ. [ახლა] ჩვენ მოვიგეთ, შეეგუეთ ამას”, – აღნიშნა მან.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბოლს, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია, 25 წლის მანძილზე აკონტროლებდა.


თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. წინასწარი შედეგების თანახმად, რომელთა მთავარი წყაროც სახელმწიფო მედიაა, ხმათა რაოდენობით პრეზიდენტ ერდოღანის პარტია პირველია, თუმცა დედაქალაქ ანკარასა და სხვა დიდი ქალაქების ნაწილზე ის კონტროლს კარგავს.

წინასწარი შედეგების თანახმად, თურქეთის დედაქალაქ ანკარის გარდა “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატები ლიდერობენ სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ანტალიაში, მერსინსა და სხვა დიდი ქალაქების ნაწილში.

ჯამში, ხმათა საერთო რაოდენობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” პირველობას ინარჩუნებს: სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, მას 44.33% აქვს. მეორე ადგილზე “რესპუბლიკური პარტიაა” 30.12%-ით, მესამე პოზიციაზე კი მემარჯვენე “კარგი პარტია” 7.45%-ით.

მასალების გადაბეჭდვის წესი