ახალი ამბები

ანა დოლიძე მოუწოდებს პრეზიდენტს, 9 აპრილს დაღუპულებს გმირების წოდება მიანიჭოს

10 აპრილი, 2019 • 2227
ანა დოლიძე მოუწოდებს პრეზიდენტს, 9 აპრილს დაღუპულებს გმირების წოდება მიანიჭოს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ ეროვნული გმირების წოდება მიანიჭოს 9 აპრილს დაღუპულ ყველა ადამიანს, როგორც რამდენიმე წლის წინ მიანიჭა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული გმირის სტატუსი მარო მაყაშვილს.

“ბევრ ლაპარაკს ჯობია, ამ ხალხს საქმით ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ეროვნული გმირების წოდება მიანიჭოს 9 აპრილს დაღუპულ ყველა ადამიანს. რამდენიმე წლის წინ მარო მაყაშვილს მიანიჭა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეროვნული გმირის სტატუსი. მის გვერდზე ვხედავ მე თამრიკო ჭოველიძესაც და ყველას, ვინც 9 აპრილს თავი დადო ჩვენი თავისუფლებისთვის. დიდება მათ ხსოვნას”, – აცხადებს ანა დოლიძე.

9 აპრილს ცერემონიების სასახლეში სალომე ზურაბიშვილის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება იმართებოდა, სადაც პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სახელები და გვარები წაიკითხა.

1989 წლის 9 აპრილს მოკლული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ ავლაბრის ცერემონიების სასახლე და პრეზიდენტის მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა. ამავე დემონსტრაციაზე მოკლული კიდევ ერთი 16 წლის მოზარდის, ეკა ბეჟანიშვილის დედა კი ამბობს, რომ მიღებაზე საერთოდ არ მიიწვიეს, ხოლო მისი შვილის გვარი სალომე ზურაბიშვილმა არასწორად წაიკითხა.

სალომე ზურაბიშვილის განცხდებით, ცერემონიების სასახლეში გამართულ მიღებაზე 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის გვარი სიის წაკითხვისას უნებლიეთ გამორჩა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, ეკა ბეჟანიშვილის ოჯახთან დარეკვის დროს ტელეფონზე მუდმივი დაკავება ფიქსირდებოდა და ამ მიზეზით ოჯახს ვერ შეატყობინეს, რომ უნდა დასწრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას. ხატია მოისწრაფიშვილი ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტს ეკა ბეჟანიშვილის სახელი და გვარი შეცდომით არ წაუკითხავს.

ვრცლად:

9 აპრილს მოკლული 16 წლის მოზარდების მშობლების პროტესტი სალომე ზურაბიშვილის მიმართ

1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ ჩაახშო. 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი