ახალი ამბები

ზოგიერთი პარტია სპეკულაციებისთვის იყენებს — ბახტაძე კერზაიას საქმეზე PACE-ში

10 აპრილი, 2019 • 987
ზოგიერთი პარტია სპეკულაციებისთვის იყენებს — ბახტაძე კერზაიას საქმეზე PACE-ში

PACE-ში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას სიკვდილს „ადამიანური ტრაგედია“ უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ „ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამ ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს“.

10 აპრილს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამოსვლის შემდეგ, მამუკა ბახტაძეს დაუსვეს კითხვა არჩევნების პერიოდში საჯარო მოხელეებზე ზეწოლასა და ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარის თანახმად, ეუთოს (OSCE/ODIHR-ის) ანგარიშის ერთ-ერთი მიგნება იყო ზეწოლა საჯარო მოხელეებზე; ამასთან, წინა კვირას 11-მა ევროპარლამენტარმა მოუწოდა ბახტაძეს, გამოიძიოს ია კერზაიას სიკვდილი, რომელიც საჯაროდ აცხადებდა მასზე ზეწოლის შესახებ და ამბობდა, რომ ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვისკენ უბიძგებდნენ. ბახტაძეს ჰკითხეს, დებს თუ არა საქმის გამოძიების პირობას.

„რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ადამიანური ტრაგედია იყო. მსურს, მივუსამძიმრო ია კერზაიას ოჯახის წევრებს. ამავე დროს, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს ამ ტრაგედიას. მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება უპასუხებს ყველა რელევანტურ შეკითხვას ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით“, — ასე უპასუხა კითხვას ბახტაძემ.


ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა.

კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, ჩატარებულ ინსპექცია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, რასაც პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. როგორც ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შეუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”. ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” [ISFED] ია კერზაიას საქმეზე 2019 წლის 26 მარტს ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების დაწყება და დასკვნა ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

ევროპარლამენტარები საქართველოს პრემიერს სწერენ: “გულწრფელად გვჯერა, რომ … საქართველოს საუკეთესო ინტერესებისა და მისი დემოკრატიული მომავლისთვის ქ-ნი კერზაიას საქმე სრულად და დროულად იქნება გამოძიებული ქვეყნის პროკურატურისა და სასამართლო ორგანოების მიერ და დამნაშავეები წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს სკოლების ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია და თავი შეიკავოს წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი მექანიზმის გამოყენებისგან”.

11 ევროპარლამენტარი პრემიერს კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი