“ლეგალური საფუძველი ვერ ექნება”- აფხაზეთში ქართველებისთვის მემკვიდრეობის მიღების შეზუდვაზე

„ეს განცხადება თუ ე.წ. გადაწყვეტილება შეიძლება განვიხილოთ საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებად,” – ასე პასუხობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ “აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი” ქართველების ოჯახის წევრებს აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება შეეზღუდებათ.

„საუბედუროდ, უნდა გითხრათ, რომ ეს არაა გასაკვირი. უამრავი ადამიანის უფლებებია შელახული, საკუთრები უფლება დარღვეულია იქიდან გამომდინარე, რომ 300 ათას ადამიანს საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა არ აქვს. გალში მცხოვრებ მოსახლეობას დე ფაქტო უფლებები აყრილი აქვს. ამიტომ, ეს განცხადება თუ ე.წ. გადაწყვეტილება შეიძლება განვიხილოთ ამ ჯაჭვის, საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებად.

საკუთრების უფლება საერთაშორისო სამართლით გამაგრებულია. თქვენ იცით, რომ საქართველოს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ნებისმიერი გარიგება საკუთრებაზე ბათილია  და ეს ძალიან პრინციპული მუხლია. ვერანაირ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მიიღოს ე.წ. პარლამენტმა ამ ან ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით, ლეგალური საფუძველი ვერ ექნება და ვერ იქნება სამართლებრივი. არც მომავალში იქნება ასეთად განხილული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


“აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი” ქართველების ოჯახის წევრებს აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება შეეზღუდებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს სამოქალაქო კოდექსში აფხაზმა დეპუტატებმა პირველი მოსმენით კენჭი უკვე უყარეს.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი რაულ ლოლუაა. მისი განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი მშობლებისა და წინაპრების საკუთრებას იფორმებენ, რაც საკანონმდებლო რეგულაციის ხარვეზია, რომელიც უნდა “გამოსწორდეს”.

“მემკვიდრეობის შესახებ უფლების” ადგილობრივი არსებული კანონის შესაბამისად, მემკვიდრეობის უფლება ეზღუდებათ პირებს, რომლებიც “იბრძოდნენ ან იბრძვიან აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ან ეხმარებოდნენ საოკუპაციო ჯარებს”.

შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო ნორმა საკუთრების უფლებაზე აღნიშნული პირების ოჯახის წევრებზეც გავრცელდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი