ახალი ამბები

ვალების ჩამოწერის ინიციატორი მე ვიყავი – ბახტაძე PACE-ში

10 აპრილი, 2019 • 818
ვალების ჩამოწერის ინიციატორი მე ვიყავი – ბახტაძე PACE-ში

ევროსაბჭოში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერაზე ჰკითხეს. ეს შეკითხვა PACE-ში რამდენიმე დეპუტატმა დასვა.

ბახტაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ 600 ათასზე მეტი მოქალქისთვის საბანკო ვალის ჩამოწერის ინიციატორი თავად იყო და  ეს იდეა ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს ჰქონდა. ის უარყობს, რომ ამ პროგრამას საპრეზიდენტო არჩევნებთან ჰქონდა კავშირი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა პრემიერს ასევე ჰკითხა, მისი აზრით,  ვალების ჩამოწერა უნდა იყოს თუ არა გამოძიებული.

“ჩვენი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის ინიციატორი მე ვიყავი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფინანსთა მინისტრის პოსტი მეკავა. 600 ათასზე მეტი ადამიანი ე.წ შავ სიაში იყო მოხვედრილი. მათ არ ჰქონდათ შანსი ეკონომიკურ ცხოვრებაში მიეღოთ მონაწილეობა. საუბარია 600 ათასზე მეტ მოქალაქეზე… 2018 წლის აგვისტოში განვაცხადე, რომ ეს იდეა [ვალების ჩამოწერა] უნდა გაგვეხორციელებინა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ამგვარად, იდეა გაცილებით ადრე არსებობდა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ პროექტს არჩევნებთან კავშირი არ ჰქონია”,-აცხადებს მამუკა ბახტაძე.

19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს ვადაგადაცილებული სტატუსის მქონე სესხი ჩამოეწერებოდათ. ფინანსთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სესხის ჩამოწერა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებოდათ, ვისი კრედიტის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს.

ამ დრომდე უცნობია, რეალურად რამდენი დახარჯა ფონდმა “ქართუმ” ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ვალების გასანულებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი