ახალი ამბები

„ნაცვლიშვილს ვუთხარი, ძალიან გაგიჭირდება-მეთქი, შვილო“ — ივანიშვილი

10 აპრილი, 2019 • 2565
„ნაცვლიშვილს ვუთხარი, ძალიან გაგიჭირდება-მეთქი, შვილო“ — ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტარ ბექა ნაცვლიშვილს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ დატოვა უმრავლესობა, „გზა დაულოცა“; თქვა, რომ ისურვებდა, „მემარცხენე ძალას ძალა მოეკრიბოს“; ამასთან, ნაცვლიშვილს უთხრა, მას „ქართულ ოცნებასთან“ ოპონირება და პოლიტიკურ ველში ადგილის დაკავება გაუჭირდებოდა.

„ბექა ნაცვლიშვილს ეს ვუთხარი, როდესაც გზა დავულოცე: ძალიან გაგიჭირდება-მეთქი, შვილო, — ასე მივმართე, — რამეთუ შენ წესიერი კაცი ხარ და წესიერებითა და სწორი გამონათქვამებით ჩვენთან ოპონირება და ამ მინდორზე ადგილის დაკავება გაგიჭირდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს „იმედის“ ეთერში.

9 აპრილს, როდესაც „იმედის“ ეთერში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობდა, ივანიშვილმა თქვა, რომ ისინი „მხოლოდ სიცრუით ებრძვიან“ „ქართულ ოცნებას“ და ამ კონტექსტში თქვა ნაცვლიშვილზე, რომ მას „სწორი კრიტიკით პაექრობა გაუჭირდება“.

„სიცრუეს და ლანძღვას წესიერი კაცი არ ინატრებს. ეს ვუთხარი მე გია ჟორჟოლიანსაც და ნაცვლიშვილსაც, როდესაც გადიოდნენ. სწორი და არგუმენტირებული კრიტიკით, რაც ჩვენთვის წამალია, — ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის გასავითარებლად და „ქართული ოცნებისთვისაც“, — ძალიან გაუჭირდებათ პაექრობა“, — განაცხადა ივანიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილმა „სოციალ-დემოკრატების“ პარტია, ფრაქცია და საპარლამენტო უმრავლესობა თებერვალში დატოვა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდგ მიიღო, რაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მის ალტერნატიულ კანონპროექტს დაგროვებითი პენსიის შესახებ. მან განმარტა, რომ ეს „მსოფლმხედველობითი გადაწყვეტილება“ იყო, — „არჩევანი ინდივიდუალიზმსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შორის“. ნაცვლიშვილს სოცდეკების ფრაქციის სხვა წევრებიც მიჰყვნენ, მათ შორის პარტიის ლიდერი გია ჟორჟოლიანი. 9 აპრილს „იმედის“ ეთერში ივანიშვილმა სოციალ-დემოკრატებს გუნდიდან გასვლის ფორმა მოუწონა.

„[ბექა ნაცვლიშვილს] ვუსურვებ წარმატებას საჯაროდაც. ჩემი ოცნებაა, რომ ჯანსაღი პარტიების კონკურენციას მოვესწრო საქართველოში; რომ იდეოლოგიური ბრძოლა წავიდეს და არა ადამიანებზე დაფუძნებული, როდესაც დევნაში მყოფი ადამიანები ცდილობდნენ რევანშის აღებას და ქვეყნის ამოტრიალებას“, — თქვა ყოფილმა პრემიერმა.

„გულწრფელად ვისურვებდი, — და მქონდა ამის განწყობა ოდესღაც, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, — რომ მემარცხენე პარტიას მოეკრიბოს ძალა საზოგადოებაში, თუმცა ეს საკმაოდ რთულია“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა.

მანამდე ივანიშვილმა ასე შეაფასა „სოციალ-დემოკრატების“ უმრავლესობიდან გასვლა:

„ბექა ნაცვლიშვილი გავიდა პირველი. მე მოვახერხე და მას გუნდთან ერთად დავულოცე გზა. ისიც ვუთხარი, რომ მე გამიხარდებოდა, მან წარმატება რომ მიიღოს. შემდეგ გავიდა გია ჟორჟოლიანი, მას მიჰყვა მირიან წიკლაური… სწორედ ეს ჰგავს კლასიკურ შემთხვევას, როგორ უნდა იყოფოდნენ პარტიები, როგორ უნდა გადიოდე და ტოვებდე საკუთარ გუნდს. ისინი ეცადნენ გულწრფელად, საპენსიო რეფორმაზე საკუთარი ვარიანტი წარმოადგინეს. მათ გუნდში ვერ მიაღწიეს მხარდაჭერას და რამდენჯერმე გააფრთხილეს გუნდი. შრომის კოდექსთან დაკავშირებით ასევე აქვთ განსხვავებული შეხედულებები და რამდენიმე თვით ადრე აფრთხილებდნენ ისინი გუნდს. მათ რამდენჯერმე გააფრთხილეს გუნდი, საჯაროდაც გამოვიდნენ და გავიდნენ პარტიიდან. აი, ეს არის  ევროპული, კლასიკური ვარიანტი, საფუძველი იმისა, რომ დატოვო გუნდი იმიტომ, რომ ღირებულებებსა და იდეოლოგიებზე ვერ თანხმდებიან. დანარჩენები როგორც გავიდნენ, აბსოლუტური გაუგებრობა და მხოლოდ ღია კარების მტვრევა იყო. მიზეზი ვერ დაასახელეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი