ახალი ამბები

“ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია” – კალაძე

10 აპრილი, 2019 • 1383
“ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია” – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ერთი წლის განმავლობაში მეტროსადგურ “ვარკეთილში” შეუკეთებელი ჭერი სირცხვილია. კალაძე განმარტავს, რომ მეტროსადგურების რეაბილიტააციის მიზნით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოცხადდეს პირდაპირი წესით შესყიდვები.

„ამდენი ხნის განმავლობაში რამდენიმე ჩამონგრეული მეტროს სადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო – ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთს მოგვაწვდიან, რომლის გაკეთებაც, უბრალოდ, სირცხვილია, ხან კიდევ ტენდერი ვარდება…

ჩემი თხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოთ პირდაპირი წესით შესყიდვები. ამას საზოგადოება უყურებს, ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, რაც სირცხვილია. ვიმოქმედოთ სწრაფად და ხარისხზე ორიენტირებული ვიყოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მანამდე კალაძე თბილისის მეტროს დაზიანებებსა და მგზავრთა გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობდა.

„2017 წელს დაფიქსირდა 326 დაზიანება, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 95 შემთხვევა; 2018 წელს იყო 305 დაზიანება, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 92 შემთხვევა; 2019 წელს კი გვაქვს 100 შემთხვევა, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 26 შემთხვევა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ მგზავრების რაოდენობა გაზრდილია. მაგალითად, 2016 წელს დღეში მგზავრის საშუალო რაოდენობა იყო 273 000, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელია 100 ათასით გაიზარდა”, – ამბობს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი