ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ირაკლი ხინთბა: აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდება

6 ოქტომბერი, 2014 • • 1533
ირაკლი ხინთბა: აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდება

“ჩვენ უკვე მივეჩვიეთ საქართველოს მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთებას ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან. სააკაშვილის დროსაც თბილისს არაერთხელ განუცხადებია, რომ აუცილებელია აფხაზებთან შერიგება. მაგრამ ეს შერიგება ძალიან უცნაურად აღიქმება საქართველოს მიერ, ვინაიდან შესარიგებლად რეალური ნაბიჯების ნაცვლად ეს წლები საქართველოს მხირდან მხოლოდ პროვოკაციებსა და აფხაზეთის მოქალაქეების იზოლაციისა და დისკრიმინაციის ნაბიჯებს  ვხედავთ. საქართველოს არ უღიარებია დანაშაული 92-93 წლებში ომის დაწყებისა და სისხლისღვრის გამო და, რაც ყველაზე მთავარია, ის უარს ამბობს ხელი მოაწეროს აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას. შერიგებას საქართველო უწოდებს აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდება. ეს აშკარაა. და დღეს, ვინც იცნობს დღევანდელ აფხაზეთს, საზოგადოებას, განწყობებს, მშვენივრად ხვდება ამას. ხაჯიმბას სიტყვებს მოვიყვან და ვიტყვი, რომ საქართველოს სახელმწიფომ აფხაზეთის არსებობა უნდა აღიაროს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი იმისკენ, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის, როგორც უძველეს სახელწმიფოებს შორის დამყარდეს ნორმალური, თანასწორი ურთიერთობები. დღევანდელი განცხადებები კეთდება გარე სამყაროსთვის, რომ აჩვენონ, აი, აფხაზეთი როგორ არ თმობს და საქართველოს როგორი ღიაა კომპრომისისთვის. ეს კეთდება ასევე საქართველოს შიდა აუდიტორიისთვის,”- აცხადებს ხინთბა. 


მისივე თქმით, იმ ფონზე, რომ საქართველო ნატოსკენ მიისწაფვის და აშშ-თან სტრაგეგიულ პარტნიორობას აღრმავებს, აფხაზეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავდაცვითი თანამშრომლობა გააღრმავოს რუსეთის ფედერეაციასთან, რასაც, ხინთბას განმარტებით, აფხაზეთში ყველა ეთანხმება. 


“ამიტომ იმისთვის, რომ აფხაზების უსაფრთხოება დავიცვათ, უნდა ვისაუბროთ საქართველო-აფხაზეთის საზღვრის გამაგრებაზე. საქართველოში არის წარმოდგენა, რომ ენგურზე არის ადმინისტრაციული საზღვარი. საზღვრის გამაგრება არ გააუარესებს საზღვრისპირა მოსახლეობის მდგომარეობას, პირიქით, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას გაზრდის გალის რაიონში, ვინაიდან საქართველოს გარკვეული ტერიტორიიდან დივერსიული შემთხვევები დღესაც არსებობს.”

 

4 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივის საპასუხოდ, რომელიც ენგურზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირებას გულისხმობს, განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯები შერიგების პროცესს ვერ დაეხმარება.

 

„ჩვენი ხელისუფლება მოსვლის დღიდან ვაჩვენებდით და ვაჩვენებთ კიდევაც ჩვენს კეთილ სურვილს და მზაობას, რომ გვსურს რეალურად შერიგების პროცესის დაწყება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ის, რაც მოხდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, არის ჩვენი ერის ტრაგედია და მათთვისაც, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, ქრთველებისთვის, ყველასთვის,”- განაცხადა პრემიერმა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი