ახალი ამბები

შავგულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ – ივანიშვილი გირგვლიანის საქმეზე

9 აპრილი, 2019 • 2801
შავგულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ – ივანიშვილი გირგვლიანის საქმეზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიჩევს, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძეს არ ჰქონდა სამართლებრივი ბერკეტი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე დაებრუნებინა წინა ინსტანციის სასამართლოში. მისივე აზრით, გირგვლიანის საქმეზე თავად მოკლულის ოჯახის ადვოკატმა “შავგულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ”.

ივანიშვილის მოსაზრებით, ლევან მურუსიძეს, რომელიც გირგვლიანის საქმის განხილვისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, ახლა ნაციონალური მოძრაობა მიზანმიმართულად ებრძვის, რადგან მან არ ისურვა, “დარჩენილიყო ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ”.

ბიძინა ივანიშვილმა გაიმეორა ლევან მურუსიძის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად, გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში და ამით მოსპო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა.

“რაც იყო მაქსიმუმი, მურუსიძე კანონმდებლობას ვერ გადაახტებოდა. დღეს შარს სდებენ მურუსიძეს და მას ახსენებენ, რომ გირგვლიანის საქმე პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა, რამეთუ მკვლელობისთვის სასჯელი არ იყო საკმარისი. ამის უფლებაც არ ჰქონდა მურუსიძეს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ შავგულიძემ თავის დროზე არ დაწერა აპელაცია”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში დღეს, 9 აპრილს.

თუმცა ის ასევე მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მმართველობის” დროს ყველა მოსამართლე ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო.

“ჰქონდა თუ არა, მე არ მაქვს ამის ილუზია. ყველა მოსამართლე იყო მართული და ყველა მოსამართლეს ჰქონდა ადეიშვილის [იმდროინდელი იუსტიციის მინისტრი] შიში, მაგრამ ფორმალურადაც კი მას არ ჰქონდა საშუალება, გირგვლიანის საქმე პირველ ინსტანციაში ჩაებრუნებინა იმიტომ, რომ შავგულიძემ მეორე ინსტანციაში არ გაასაჩივრა, როდესაც ბრალდებულებს 7-8 წელი მიუსაჯეს. შავგულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ. დღევანდელი შავგულიძის პოზიციას თუ ვნახავთ, ის ნაციონალური მოძრაობის წევრი გახდა, მხარს უჭერენ არჩევნებზე, ევროპული საქართველოა, მაგრამ ეს ერთია ჩემთვის”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, შალვა შავგულიძე გირგვლიანის საქმეში იყო “თამაშის მონაწილე”.

შალვა შავგულიძე იყო გირგვლაინის ოჯახის ადვოკატი და სწორედ მან გაასაჩივრა აღნიშნული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. შავგულიძე 2019 წლის 19 მაისს დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობს. ის მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძვის. შავგულიძე კანდიდატად “ევროპულმა საქართველომ” წარადგინა.


სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც მკვლელობის შემდეგ გამუდმებით მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, 2007 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გირგვლიანის საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს. ისინი ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ კი, 2009 წლის სექტემბერში, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც წერია:

“სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო”.  სტრასბურგის გადაწყვეტილებაში გაკრიტიკებული იყო სასამართლოს ქმედებებიც.

ამავე თემაზე

რატომ არ გავასაჩივრე გირგვლიანის I ინსტანციის განაჩენი სააპელაციოში – შალვა შავგულიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი