ახალი ამბები

9 აპრილს მოკლული 16 წლის მოზარდების მშობლების პროტესტი სალომე ზურაბიშვილის მიმართ

9 აპრილი, 2019 • 2535
9 აპრილს მოკლული 16 წლის მოზარდების მშობლების პროტესტი სალომე ზურაბიშვილის მიმართ

9 აპრილს მოკლული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ ავლაბრის ცერემონიების სასახლე და პრეზიდენტის მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა. 9 აპრილს მოკლული კიდევ ერთი 16 წლის ახალგაზრდის, ეკა ბეჟანიშვილის დედა კი ამბობს, რომ მიღებაზე საერთოდ არ მიიწვიეს, ხოლო მისი შვილის გვარი სალომე ზურაბიშვილმა არასწორად წაიკითხა.

თამარ ჭოველიძის მამის, არკადი ჭოველიძის განცხადებით, მისი შვილი არავის უხსენებია და დარბაზში სკამიც კი არ იყო, რომ დამჯდარიყო.

ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ, თამრიკო ჭოველიძის მამა ვარ მე. წავიდნენ საერთოდ, ვინ არის ეს მართლა… ჯერ ერთი, დაგვიძახეს და სკამი არ იყო, პუტჩისტები ჰყავდათ დამსხდარი იქ. მეორე კიდევ, ჩემი შვილი თუ არ ახსენეს, რისთვის დამიძახეს. მე ვინ ვარ? არავინ ვარ ცხოვრებაში! მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ, აქ არ ვიყავი საერთოდ… ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენა, ვინ არის ეგ! მე რა ვიცი, რატომ არ ახსენა, აბა?! რამე დავაშავეთ, ეტყობა, ჭოველიძეებმა”, – განუცხადა რუსთავი 2-ს არკადი ჭოველიძემ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ასევე არასწორად წაიკითხა 9 აპრილს დაღუპული კიდევ ერთი 16 წლის ახალგაზრდის, ეკა ბეჟანიშვილის გვარი, ხოლო დედამისი პრეზიდენტის მიღებაზე საერთოდ არ დაპატიჟეს. ტელეკომპანიის ცნობით, ამან ეკა ბეჟანიშვილის ოჯახი გაანაწყენა.

ლალი ყანჩაველმა რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მხოლოდ მას შემდეგ დაურეკეს, რაც სალომე ზურაბიშვილს შეეშალა მისი დაღუპული შვილის გვარის წაკითხვა  და ამის გამო ბოდიში მოუხადეს, თუმცა, მისთვის არ განუმარტავთ, მიღებაზე რატომ არ დაპატიჟეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებები

1989 წლის 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამის მიერ სახელმწიფო ცერემონიების სასახლის პროტესტის ნიშნად დატოვებასთან დაკავშირებით განმარტებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ გააკეთა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ტექსტის წაკითხვის დროს ტექნიკურად გამორჩა თამარ ჭოველიძე.

მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურად იყო გამორჩენილი არა სიაში, არამედ, როგორც ჩანს, პრეზიდენტის მიერ ტექსტის წაკითხვის დროს მოხდა ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლა. შეიძლება ამის გამო წაიკითხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა გვარები თავიდან. მე პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ბუნებრივია, 9 აპრილიდან ყველა გვახსოვს, მაგრამ თუკი ვინმე მახსოვს, ეს არის თამარ ჭოველიძე”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილიმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ეკა ბეჟანიშვილის ოჯახთან დარეკვის დროს ტელეფონზე მუდმივი დაკავება ფიქსირდებოდა და ამ მიზეზით ოჯახს ვერ შეატყობინეს, რომ უნდა დასწრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას. მოისწრაფიშვილი ამავე გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, რომ სალოზე ზურაბიშვილს ეკა ბეჟანიშვილის სახელი და გვარი შეცდომით არ წაუკითხავს.

დღეს, 9 აპრილს, ცერემონიების სასახლეში, სალომე ზურაბიშვილის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება იმართებოდა, სადაც პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სახელები და გვარები წაიკითხა.

განმარტება თავად სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე:

პრეზიდენტის თქმით, ჭოველიძის გვარი სიიდან უნებლიეთ გამოტოვა

1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ ჩაახშო. 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი