“მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში, ვგრძნობდი, არ დამიჯერებდნენ”- ილია II 9 აპრილს იხსენებს

“მე მოვუწოდე, რომ შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ,” – ასე იხსენებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე 1989 წლის 9 აპრილს. ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში ილია მეორე ყვება, რომ მოსალოდნელი ტრაგედიის შესახებ წინასწარ იცოდა და მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები გააფრთხილა კიდეც მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუმცა დაშლაზე უარი განაცხადეს.

ილია მეორე ტრაგედიის ღამეს შემდეგნაირად აღწერს:

“უპირველეს ყოვლისა, ეს არის მაგალითი თავდადებისა, სამშობლოსათვის თავდადებისა და ეს იყო მზადება თავისუფლებისათვის. ძალიან ძნელია გახსენება იმ ღამისა, რაც მოხდა რუსთაველზე. ჩემთან შუაღამის დროს მოვიდნენ გორგოძე და მერაბ ღუდუშაური და მითხრეს, რომ ეს საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. და მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის. ძალიან მიჭირდა მე. მე ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მე მოვუწოდე, რომ შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ხალხს რაც დაემართება… მეც მზად ვიყავი ჩვენს ხალხთან ერთად ვმდგარიყავი. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე დაიყვირეს “არა”. ეს იყო მზადყოფნა. ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდნენ და წამოვიდა ტანკები.

მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო. მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგნენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ დაცვა ყოფილიყო, სროლა თუ იქნებოდა, არ მომხვედროდა“.

მე უარი ვუთხარი [მთავრობის შენობაში შესვლაზე]… ყველაზე მძიმე იყო მდგომარეობა ჯუმბერ პატიაშვილისა, ზოგიერთი ამბობდა და მეც ვამბობდი, რომ თვითონ მთავრობა ჩამოვიდეს-მეთქი. მეორე დღეს მე დავურეკე და ვანუგეშე. ძალიან მძიმე ხვედრი ჰქონდა მას და ფიქრობდა თვითმკვლელობაზეც კი.

ეს გვახასიათებს ჩვენ. საშიშროების წინაშე ჩვენი ხალხი ერთიანდება და ეს თვისება ახასიათებს ქართველ ადამიანს, ხალხს. აჩვენა ჩვენმა ხალხმა მტერს, რომ  მტრულად არ ვიყავით განწყობილნი. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ესენი წამოვიდოდნენ ასე დაუზოგავად ხალხზე. და მე რომ დავბრუნდი სახლში, შევედი სიონის ტაძარში და მიცვალებულები იქ იყვნენ დასვენებულნი – ეს იყო უმძიმესი საყურებელი.

მე მზად ვიყავი [იმისთვის, რომ ჩემთვისაც ეს დღე ბოლო ყოფილიყო] მაგისთვის, მაგრამ მოხდა სხვანაირად. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, დავინახოთ მომავალი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ვის ვებრძვით. უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი არ დაგინდობს. მეტი სიბრძნე გვმართებს. ეს იყო საოცარი თავდადება. ეს იყო ბრძოლა მომავლისათვის, მომავალი თავისუფლებისათვის. არ უნდა დაგვჭირდეს ამდენი მსხვერპლი გაერთიანებისათვის. ჩვენ მუდამ ერთიანი უნდა ვიყოთ, ჩვენ ასეთი ბედი გვაქვს. ქართველი ადამიანი ადვილად სწირავს თავის თავს სამშობლოსათვის, მეგობრებისათვის.

ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, მოსმენის კულტურა გვაკლია. ესეც თვისებაა ქართველი ადამიანის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება სხვა ადამიანმა თქვას ჩემზე უკეთესი..,” – ამბობს ილია მეორე.

ამავე თემაზე

რა მოხდა 9 აპრილს თავად სსრკ-ის საარქივო დოკუმენტების მიხედვით

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან