ახალი ამბები

ხელშეკრულება 250 მილიონ ლარზე დაანონსებული 500 მილიონის ნაცვლად – ინვესტიცია ქობულეთში

9 აპრილი, 2019 • 2188
ხელშეკრულება 250 მილიონ ლარზე დაანონსებული 500 მილიონის ნაცვლად – ინვესტიცია ქობულეთში

ქობულეთში  მიწის იმ ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას პირდაპირი წესით და პირობებით 6 040 265 ლარად მიჰყიდა, 32 333 544 ლარია. ნაკვეთები ამ ფასად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 5 თებერვალს შეაფასა, ქონება კი 21 მარტს გაიყიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „გრინ რეზორტთან“ გააფორმა. გაყიდული ნაკვეთების საერთო ფართობი, რომლებზეც „მწვანე ქალაქი“ უნდა გაშენდეს, 1 796 308 კვ/მ-ია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებებით, ქობულეთში აღნიშული ქონების გაყიდვით ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ნასყიდობის ხელშეკრულებით კი, რომელიც ბათუმელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოაწოდეს, ინვესტორს არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.

„სტანდარტულად ასეა. ჩვენ ხელშეკრულებით ვითხოვთ ინვესტიციის მინიმალურ ოდენობას, რომელიც უნდა შეასრულოს და რომლის ინვესტირებაც უნდა უზრუნველყოს დაინტერესებულმა პირმა, ხოლო თვითონ პროექტის გათვლა ანუ პროექტში ინვესტირების ოდენობა სხვა საქმეა“, – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე კუჭავამ.

„ჩვენ ამ პროექტზე თითქმის ერთი წელია ვმუშაობთ. ვიდეორენდერი, რაც გავავრცელეთ, ერთი ნაწილია ჩვენი პროექტის, დანარჩენს დავაანონსებთ პერიოდულად. ეს იქნება ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია. ამჟამად ვმუშაობთ ტექნიკურ საკითხებზე – გეოლოგია და ა.შ. ვმუშაობთ გრგ-ზე. საბოლოო ესკიზსაც მალე წარვადგენთ და მუშაობასაც მალე დავიწყებთ,“ – გვითხრა „გრინ რეზორტის“ გენერალურმა მენეჯერმა გიორგი შერაზადიშვილმა.

ხელშეკრულების დეტალები

სამინისტროსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით, „გრინ რეზორტი“ კისრულობს ვალდებულებას საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს შემდეგი გრაფიკით: 2 მილიონი ლარი – ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვს თვეში, 2 მილიონი – ერთ წელში და დარჩენილი 2 040 265 ლარი – ორი წლის ვადაში;

მოშენების ფართობის 23%-ზე მეტად გაზრდის შემთხვევაში, გადასახდელი საფასური განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ყოველი 1 კვ/მ ფართობი გამრავლებული მიწის ნორმატიულ ფასზე – 14,62 ლარზე. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ქონების მოშენების ფართობის გაზრდა არაუმეტეს 30%-ის ოდენობით [თუმცა გიორგი შერაზადიშვილის თქმით, კომპანია მოშენების ფართობის გაზრდას არ გეგმავს: „ეს რაც არის მოშენების ფართობი, გვეყოფა ყველანაირად“];

წარმოადგინოს არანაკლებ 2 მილიონი ლარის საბანკო გარანტია;

ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში სამინისტროსთან შეათანხმოს გადაცემული ქონების განვითარების კონცეფცია, რომელიც უნდა მოიცავდეს: არანაკლებ 250-ნომრიან სასტუმროს, 100-ადგილიან რესტორანს, 500 ავტომობილზე გათვლილ საპარკინგე და ასევე ვერტმფრენის დასაჯდომ ადგილს, ცხრა ფოსოიან გოლფის მოედანს, საკონფერენციო დარბაზს; „ფიფას“ სტანდარტების საწვრთნელ საფეხბურთო მოედანს [ასევე, ერთ მცირე ან იგივე ზომის სავარჯიშო მოედანს], ოთხ საჩოგბურთო კორტს, გამაჯანსაღებელ ცენტრს, არანაკლებ 100 ვილას, ქონების არანაკლებ 70%-ზე რეკრეაციულ ზონას [ღია აუზი, პარკი, სკვერი, სასეირნო ბილიკები, ველობილიკები, გზები, პარკინგები];

ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] შემუშავება-დამტკიცება;

ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 თვის ვადაში სამშენებლო სამუშაოების დაწყება და 78 თვის ვადაში მშენებლობის დასრულება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება; ჯამში კი არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება საკუთრივ ან მესამე პირის მეშვეობით;

მიწის ნაკვეთზე არტეფაქტებისა და კულტურული ფენების აღმოჩენის შემთხვევაში, ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;

მრავალფუნქციურ კომპლექსს პროფილი 25 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნდეს;

მყიდველს უფლება არ აქვს, პროექტში არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებამდე დაყოს ან და გაასხვისოს საკუთრებაში გადაცემული ქონება. ხოლო ამ ოდენობის ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, კომპანიას აქვს უფლება, გაასხვისოს ქონება სამინისტროსთან შეთანხმებით, თუმცა აუცილებლად იმავე პირობებით, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

„დაგეგმილი გვაქვს სულ ორი მაღალი შენობის მშენებლობა. ჩვენი ხედვა არ არის ის, რომ ცათამბჯენები დავდგათ, მწვანეს ირგვლივ ვიმოძრავებთ. იქნება ელექტრომობილები, აქ ტექნიკა საწვავზე არ იმუშავებს. 250-ნომრიანი სასტუმრო იქნება 10-12 სართული და ეს იქნება ყველაზე დიდი შენობა ამ კომპლექსში. ამას საბოლოოდ არ გიდასტურებთ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ 50-სართულიანი ნამდვილად არ იქნება. დაბალი განაშენიანება იქნება.

ამასთან, ეს არ იქნება რიგითი სპაცენტრი, რომელიც ყველა 5-ვარსკვლავიან სასტუმროს აქვს. ეს იქნება დამოუკიდებელი შენობა, ევროპაში ყველაზე დიდი სპა ცენტრი, რომლის ქვეშაც იქნება 100-ნომრიანი დასასვენებელი კომპლექსი, როგორც რეაბილიტაციისთვის  სპორტული ტრავმებისას. იქნება ქვიშის პროცედურები – მოვიტანთ ქვიშას გავათბოთ და მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს ჩვენი კომპლექსი, ზაფხულის სეზონზე არ იქნება დამოკიდებული,“ – ამბობს „გრინ რეზორტის“ გენერალური მენეჯერი გიორგი შერაზადიშვილი.

„გრინ რეზორტი“ და მისი პარტნიორები

შპს „გრინ რეზორტი“, რეგისტრაციის დროს, როგორც „გოლფ რეზორტი“,  2018 წლის ივნისში დაარეგისტრირეს ლევან შერაზადიშვილმა, სლოვაკეთის მოქალაქემ [კომპანიის წილის 25%-ის მესაკუთრემ და კომპანიის დირექტორმა], ასევე ჩეხეთის მოქალაქეებმა: რედეკ ბრაზდამ [25%] და მარეკ საკიმ [50%].

2018 წლის ოქტომბერში შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ამასთან, მარეკ საკიმ კუთვნილი წილის ნახევარი 1 ლარად მიჰყიდა ასევე ჩეხეთის მოქალაქე რომან ვივოდას. შესაბამისად, „გრინ რეზორტსის“ წილებს დღეს თანაბრად ფლობს ეს ოთხი პიროვნება. კომპანიის დირექტორი კვლავ ლევან შერაზადიშვილია.

ლევან შერაზადიშვილი 50% წილს ფლობს ასევე შპს „ელერ კომპანიში“[იგივე „ელ&ერ კომპანი“, „L & R კომპანია“] და ამავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია.

შპს „ელერ კომპანი“ ქობულეთში, აღმაშენებლის #379-ის მიმდებარედ 40-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებასაც გეგმავს. კომპანია საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე 240-ნომრიან სასტუმროს ააშენებს, რომელშიც გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპაცენტრი, რესტორნები და კაფეები განთავსდება.

13 213 კვ/მ ფართობის ნაკვეთს პლაჟთან ახლოს, ორი მესაკუთრე ჰყავს – თავად „ელერ კომპანი“  და „სის ინვესტი“.

„ელერ კომპანის“ წილებს იყოფენ ლევან შერაზადიშვილი [სლოვაკეთი] და რადეკ ბრაზდა [ჩეხეთი], რომელიც „გრინ რეზორტის“ მეწილეცაა. რაც შეეხება „სის ინვესტს“, მისი მესაკუთრე და დირექტორი არის იან ბუბანი [სლოვაკეთი].

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკუთრებაში გადაცემულ ტერიტორიაზე ინვესტორებმა სამი შენობის მშენებლობის ნებართვა 2018 წლის ზაფხულში მოითხოვეს და მიიღეს კიდეც.

ეს ტერიტორია ახლოსაა იმ ნაკვეთებთან, რომლებიც ახლა „გრინ რეზორტს“ გადაეცა და ფიჭვნარის ზღვისპირა ზოლში, უშუალოდ პლაჟთან მდებარეობს. გიორგი შერაზადიშვილის თქმით, ეს კომპლექსები ცალ-ცალკე იფუნქციონირებენ: „პლაჟთან რა პროექტიცაა,  სახელი არ გვაქვს მოფიქრებული. 240-ნომრიანი სასტუმრო იქნება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელი ბრენდი შემოვა. ამიტომ არ გვინდა სახელი გავაჟღეროთ ჯერჯერობით. ორ წელიწადში გავხსნით მაგ სასტუმროს“.

„ელერ კომპანის“ პროექტი ქობულეთში / რენდერი კომპანიის ვებგვერდიდან

„ჩვენ კონტაქტები გვაქვს ევროპაში, კერძოდ, ყველაზე მეტად ჩეხეთსა და სლოვაკეთში და ეს პროექტი სრულად დაფინანსდება ევროპიდან. ჩვენი პარტნიორები გახლავთ გამოცდილი კომპანიები, რომლებიც დიდი ხანია ამ სფეროში მუშაობენ. ამ კომპანიებს დავაანონსებთ შესაბამის დროს. ამჟამად ამას ვერ გეტყვით. იმას გეტყვით, რომ ჩეხური და სლოვაკური კომპანიები იქნებიან. მათ ძირითადად სასტუმროები აქვთ. რაც ჩვენთან გაკეთდება, მაგალითად, სასტუმრო, ის მართვაში გადაეცემა სასტუმროს გამოცდილ ბრენდს, გოლფის მოედანი – ამ განხრით გამოცდილ ბრენდს,“- განაცხადა „ბათუმელებთან“ გიორგი შერაზადიშვილმა, რომელიც „გრინ რეზორტის“ დირექტორის ლევან შერაზადიშვილის შვილია.

მისივე თქმით, „გრინ რეზორტის“ ოთხი დამფუძნებლიდან ორმა გააკეთა პროექტი შეკვეთილში: „ეს არის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია. კომპლექსი ხუთ შენობას მოიცავს, აქედან 2 დასრულებულია. ესაა აპარტოტელები ჯამში 115 ნომრით.“

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია ის კომპანიები, რომლებიც „გრინ რეზორტის“ პარტნიორები არიან. მაგალითად, ქობულეთში, პლაჟთან სასტუმროს მშენებლობის პროექტში იპოთეკარი კომპანიაა „ენ ჯი პი ჰოლდინგ ს.რ.ო.“  [სლოვაკეთი].

„ელერ კომპანიმ“ ახალი პროექტის „მწვანე კურორტი“ [იგივე „მწვანე ქალაქი“, რომელიც ქობულეთში უნდა აშენდეს] პრეზენტაცია სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებამდე დაახლოებით სამი თვით ადრე, 2018 წლის 5 დეკემბერს, თბილისში ჩეხეთის საელჩოს შენობაშიც გამართა.

„ელერ კომპანის“ 2018 წელს გაფორმებული აქვს ასევე ხელშეკრულება აშშ-ში, ნიუ-იორკში რეგისტრირებულ კომპანია CUSHMAN & WAKEFIELD-თან. „ელერ კომპანის“ ინფორმაციით „ორი კომპანია ითანამშრომლებს რამდენიმე სფეროში. CUSHMAN & WAKEFIELD- ის გამოცდილება გამოყენებული იქნება ახალი პროექტების დაგეგმვისას. ამასთან CUSHMAN & WAKEFIELD-ი იქნება „ელერ კომპანის“ ბიზნეს წარმომადგენელი ყველა ქვეყანაში, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გარდა, ასევე უზრუნველყოფს ყველა ტურისტული ობიექტის ფუნქციონირებას“.

„ელერ კომპანისა“ და „გრინ რეზორტის“ გარდა ლევან შერაზადიშვილი წილებს ფლობს [ან სხვადასხვა პერიოდში ფლობდა და იყო დირექტორი] სხვა კომპანიებშიც. მაგალითად, „ჯორჯია გეიმს საფფორთ სერვიზის“, „ლიდერ ტექნიკს“, „ბესტრენტ ჯორჯია“, „სუპერ-ლუქს-სერვისი“, „ევროკომ ინვესტმენტ ჯორჯია“.

სამინისტროსა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ქონება არ არის დატვირთული მესამე პირთა უფლებებით. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, გაყიდულ ტერიტორიაზე გარკვეულ მიწის ნაკვეთებს ქობულეთის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობს.

აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა თუ არა რაიმე სახის კომპენსაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ მიწის ნაკვეთებს სარგებლობენ? – „ეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის თემაა, რომელიც ადგილზე შესწავლას, რა თქმა უნდა, ექვემდებარება. ხელშეკრულებაში ეს საკითხი არაა, ვინაიდან მიწა აჭარის საკუთრებაა და, შესაბამისად, გადაეცა ინვესტორს. პირდაპირი ვალდებულება არ არის, თუმცა ასეთი ხელშეკრულების დროს ინვესტორი ქმნის სამუშაო ადგილებს, ასაქმებს პიროვნებებს… რაც წერია ხელშეკრულებაში იმით იხელმძღვანელეთ“, – გვითხრა თორნიკე კუჭავამ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

„აღნიშნული ტერიტორია არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში და კანონმდებლობის შესაბამისად სხვა მოსარგებლეები არ იკვეთება. შესაძლებელია იყოს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები, რაც არ უნდა გახდეს ასეთი მსხვილი ინვესტიციის განხორციელების შეფერხების ფაქტორი. აქედან გამომდინარე, ვერანაირი სხვა მოთხოვნა მოსარგებლეების მხრიდან, ვერ იქნება დაკმაყოფილებული“, – გვითხრეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ტერიტორია ქობულეთში, რომელიც პირობებით „გრინ რეზორტს“ გადაეცა / ფოტო პროექტის საპრეზენტაციო კლიპიდან

მთავარი ფოტო: „მწვანე ქალაქი“ ქობულეთში / რენდერი / „გრინ რეზორტი“

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი