ახალი ამბები

რას ნიშნავს თავდაცვის სამინისტროსთვის დაფინანსების შემცირება

6 ოქტომბერი, 2014 • • 2165
რას ნიშნავს თავდაცვის სამინისტროსთვის დაფინანსების შემცირება

“ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ჯარზე, თავდაცვით შესაძლებლობებზე, სხვა არავინ არასდროს შეგიქმნის იმას, რაც შენ გჭირდება. ჩვენ იარაღს ვერ ვაწარმოებთ, მაგრამ [უელსის სამიტის შემდეგ] გარედან მოგვეცემა შესაძლებლობები. ჩვენ გვჭირდება ალიანსის და ალიანსის წევრების პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომ გადმოგვცენ და მოგვყიდონ [თავდაცვითი იარაღი]. აქ გადაწყვეტილებაა მისაღები ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდანაც, გვიღირს თუ არა ასეთი დიდი რესურსის ჩადება თავდაცვაში. ჩემთვის ამ შეკითხვაზე პასუხი ცალსახაა: თუკი ხარ ქვეყანა, რომელიც ასეთ რთულ გარემოში არსებობს, უნდა გქონდეს შესაძლებლობები. ამიტომ, პრემიერთან, ფინანსთა სამინისტროსთან დისკუსიებში მე მოვითხოვე, რომ მინიმუმ 11 პროცენტით გაიზარდოს ჩვენი ბიუჯეტი მომავალი წლისთვის”, – ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 2014 წლის სექტემბერში გააკეთა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ეტაპისთვის მინისტრმა მთავრობის სხვა წევრების დარწმუნება ვერ შეძლო.

 

2014 წელს [აპრილში დაზუსტებული მონაცემებით] თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 660 800 000 ლარი იყო. 11-პროცენტიანი ზრდა, რაზეც ირაკლია ალასანია საუბრობს, ამ რიცხვზე დაახლოებით 73 მილიონით მეტია. იმის ნაცვლად, რომ 2015 წელს სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილიყო, მთავარობამ წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც თავდაცვის მიმართულების დაფინანსება 35 მილიონი ლარით მცირდება, ანუ 2015 წლისთვის თავდაცვის სამინისტროსთვის 625 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს რიცხვი წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ ირაკლი ალასანიას პოზიციასთან, არამედ ორ სამთავრობო დოკუმენტთან, რომლებიც “ქართული ოცნების” მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიმუშავა. მაგალითად, დოკუმენტში – ,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016“   საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გათვლებზე დაყრდნობით მოცემულია პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2015 წელს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 770 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში – “ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2014-2017 წლებისათვის” – წერია, რომ თავდაცვის სამინისტროს ასიგნებების ზღვრული მოცულობა 2015 წელს 700 მილიონით უნდა განსაზღვრულიყო.

 

მეტიც, ნატოს უელსის სამიტის დეკლარაციაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აცხადებს, რომ წევრმა ქვეყნებმა მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2 პროცენტი უნდა დახარჯონ შეიარაღებაზე. ეს წესი საქართველოსთვის სავალდებულო არ არის, რადგან ქვეყანა ჯერ ნატოში არ გაწევრიანებულა, თუმცა რეკომენდაციაა, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში ასრულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი დამტკიცდება, შესაძლოა, ეს წესიც დაირღვეს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, “მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2015 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 31,8 მლრდ ლარს შეადგენს”, ამ თანხის 2 პროცენტი კი 636 მილიონი ლარია, ანუ თავდაცვაზე გათვალისიწინებულ 625-ზე 11 მილიონით მეტი.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვას, რატომ მოხდა 2015 წლის ბიუჯეტში თავდაცვის უწყებისთვის დაფინანსების 35 მილიონით შემცირება, ფინანასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ასე უპასუხა:

 

“თავდაცვის სამინისტროს მოაკლდა რამდენიმე მიმართულება. საწარმო “დელტა” გადავიდა ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსებაზე. ბუნებრივია, ეს თანხები მოაკლდა სამინისტროს ბიუჯეტს. ასევე, საგულისხმოა ის, რომ ISAF-ის მისიაში შემცირდა ქართული კონტიგენტის რაოდენობა. შესაბამისად, სამინისტროს ბიუჯეტს ეს ფულიც მოაკლდა. სხვა ცვლილებები თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში არ იგეგმება. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჯარის დაფინანსება იყოს ღირსეული”, – ამბობს ფინანასთა მინისტრი.

 

უცნობია, ზუსტად რა თანხით დაფინანსდება 2015 წელს “დელტა”, რომელიც სამხედრო სფეროში ახორციელებს სამეცნიერო საქმიანობას. ხადურის ლოგიკას თუ მივყვებით, ეკონომიკის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ბიუჯეტიდან ზოგადად [და არა კონკრეტულად სამხედრო სფეროში] სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაზე 33 455 000 ლარია გამოყოფილი, ასევე, თავდაცვის სამინისტროდან ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, რომელსაც ირაკლი შიხიაშვილი ხელმძღვანელობს. ეს სამსახური შემოთავაზებული პროექტით 2015 წელს 4 მილიონ ლარს მიიღებს, ორივე მათგანი რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის პროექტს (625 მილიონი) დავუმატოთ, დაახლოებით 662 მილიონი ლარი გამოდის.

ეს ყველაფერი შემაშფოთებლად მიაჩნია პოლიტოლოგ ელენე ხოშტარიას, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან, ასევე, არსებული გამოწვევებიდან და ნატოს უელსის სამიტის შედეგად გახსნილი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თავდაცვის მიმართულებაში ინვესტირება უნდა გაიზარდოს:

 

“ნატოს სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში უნდა დაგვეხმარონ, ეს ამოცანები მოითხოვს არათუ შემცირებას, არამედ ბიუჯეტის გაზრდას, იმიტომ, რომ კიდევ უფრო ამბიციური ხდება ჩვენი თავდაცვის ამოცანები. ამიტომ [ხადურის მხრიდან] “დელტაზე” ლაპარაკი აბსურდია. თუ უელსის სამიტის გადაწყვეტილებების განხორციელებას რელაურად ვაპირებთ, ასეთი ბიუჯეტის პირობებში ეს წარმოუდგენელია. ელემენტარული საჰაერო თავდაცვა გვაქვს საყიდელი. რაზეა ლაპარაკი? როგორ შეიძლება შემცირებული ბიუჯეტით თავდაცვისუნარიანობა გავაუმჯობესოთ? ეს ნიშნავს იმას, რომ ასუსტებ იმ პოლიტიკას, რომელიც ნატოში ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნატოს სამიტზე ითქვა, რომ საქართველოში გაიხსნება ტრენინგ-ცენტრი და, რაც მთავარია, ამ სამიტმა შემოიტანა ახალი ჩარჩო – საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე ზურნვა. როცა ნატო იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდა მათი ამოცანაა, ესაა სიგნალი ქვეყნებისთვის, რომ ჩვენთან ითანაშრომლონ აღჭუვილობის შეძენაზე. დღეს ჩვენ, ერთი მხრივ, ამ ცენტრის იდეის განხორციელებაზე უნდა ვფიქრობდეთ და, მეორე მხრივ, დავრბოდეთ ყველგან უელსის გადაწყვეტილებით ხელში და ვეუბნებოდეთ: აბა, რას გვთავაზობთ, თავდაცვითი იარაღის მოყიდვაზე…”, – ამბობს ელენე ხოშტარია.

 

ხოშტარიასგან განსხვავებული მოსაზრება აქვს მეორე პოლიტიკურ მიმომხილველს, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა. თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრი ირაკლი მჭედლიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მთავარი ამოცანა არა იარაღი, არამედ უსაფრთხოების მართვის ნატოს სისტემასთან თავსებადობაში მოყვანაა, რასაც დიდი ფინანსები არ სჭირდება:

 

“არა იმდენად ფული, არამედ გადაწყვეტილებები და რესტრუქტურიზაცია სჭირდება ამას. იარაღის შესყიდვებთან და კაპიტალდაბანდებებთან ეს კავშირში არ არის”. “ნეტგაზეთის” კითხვას, რატომ ფიქრობს, რომ საქართველოს თავდაცვითი იარაღი არ სჭირდება, მჭედლიშვილი პასუხობს:

“რა თქმა უნდა, გვჭირდება, ავიაციაც კარგი იქნება, მაგრამ ამის საფუძველი არის ის, რომ მოხმარება უნდა შეგეძლოს ეფექტურად. შენ თუ იარაღი გაქვს და ეს მერე მტერს ჩაუგდე ხელში, ან მტერმა გაშიფრა კოდები… ამიტომ პირველ რიგში მართვის სისტემა უნდა აეწყოს და მერე იარაღი”, – აცხადებს იგი. კითხვას, გამორიცხავს თუ არა თავდაცვითი იარღის შესყიდვისა და მართვის სისტემის მომზადება ერთმანეთის პარალელურ პროცესს, პოლიტიკური მიმომხილველი პასუხობს, რომ გამორიცხავს: “ეს იგივეა, მოუმზადებელი ადამიანი ტანკზე რომ დასვა”.

 

რა ფორმით დამტკიცდება 2015 წლის ბიუჯეტი, საქართველოს პარლამენტის წევრები გადაწყვეტენ. საპარლამენტო უმცირესობაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ისინი მთავრობის მიერ შემოთავაზებულ პროექტს მხარს არ დაუჭერენ. დეპუტატ გიორგი ვაშაძის თქმით, მაშინ, როცა აღმოსავლეთ ევროპაში თითქმის ყველა ქვეყანა ზრდის შეიარაღების დაფინანსებას უკრაინის პროცესების გამო, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება ლოგიკური არ არის. “ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი გია ვოლსკი კი “ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ გაკრვეული “საქმიანი და არა აგარესიული კითხვები” ბიუჯეტის თაობაზე მათაც აქვთ, თუმცა ჯერ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვა არ დაწყებულა.

 

თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ შემოთავაზებულ ბიუჯეტს ისინი არ ეთანახმებიან და უფრო დიდი თანხის მიღების იმედი აქვთ, “თუ ამის საშუალება იქნება”. როგორც “ნეტგაზეთს” თავდაცვის უწყების პრესცენტრში უთხრეს, ამ კუთხით კონსულტაციები მთავრობასა და პარლამენტთან ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.

 

“ჩემი სურვილია, რომ ამ მკუთხით [თავდაცვის მიმართულებაზე ბიუჯეტის ზრდა] საზოაგდოების ერთსულოვნება დაფიქსირდეს და ყველამ გაიგოს, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია. სხვანაირად იმ გეგმას, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვერ განვახორციელებთ. იგივე ნატოს საწვრთნელი ბაზა რომ გვინდა, იქაც ხომ ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ჩვენ უნდა გავაკეთოთ, გარკვეულწილად?! საბოლოო ჯამში, ყველაფერი მოდის გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან, ეს ერთგვარი კონსენსუსი უნდა იყოს ჩვენს საზოგადოებაში. რადგან სახელმწიფო გვინდა რომ გვქონდეს და დამოუკიდებლები ვიყოთ, ბუნებრივია, ეს უნდა გავაკეთოთ”, – ეს განცხადებაც ირაკლი ალასანიამ გააკეთა სექტემბრის თვეში ბიოლის ფონდში გამართულ ერთ-ერთ დისკუსიაზე თავდაცვის ბიუჯეტზე საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი