ახალი ამბები

44% “ერთმორწმუნე რუსეთთან” კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრეა – კვლევა

8 აპრილი, 2019 • 3774
44% “ერთმორწმუნე რუსეთთან” კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრეა – კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, 44% ეთანხმება მოსაზრებას, რომ “რუსეთი საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფოა, რომელთანაც ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გვქონდეს”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი: ​​​​​​​გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ “რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია”.

“კვლევის ფარგლებში, ასევე, დავინტერესდით მოსახლეობის აზრით ხელისუფლების მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსისა და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ. გამოკითხულთა მხოლოდ 16% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება არის პრორუსული. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (41%) ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, რუსეთთან და ევროპასთან ერთნაირად კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, მოსახლეობის 27%-ის აზრით კი, ხელისუფლება პროდასავლურია”, – აცხადებენ TI-ში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  დაკვეთით კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) ჩაატარა. TI-ის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი +-  2.3% პუნქტის ფარგლებშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი