ახალი ამბები

ხელისუფლება ოქუაშვილის კომპანიაზე არბიტრაჟის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

8 აპრილი, 2019 • 1664
ხელისუფლება ოქუაშვილის კომპანიაზე არბიტრაჟის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

იუსტიციის სამინისტრო აპირებს, გაასაჩივროს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ზაზა ოქუაშვილის “ომეგა ჯგუფში” შემავალ კომპანია ოჯთ-ის ქონებასთან დაკავშირებით აღსრულება შეჩერდა. კერძოდ, სახელმწიფოს აეკრძალა, აუქციონზე გაყიდოს კომპანიის ქონება, რომელიც ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების გამო დაყადაღებულია.

სამინისტროს ცნობით, საქართველო დაკისრებულ ხარჯებსაც არ გადაიხდის, მიუხედავად იმისა, რომ  არბიტრმა ამ ნაწილში “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მოთხოვნა სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

“საგანგებო არბიტრმა, ასევე, არ დააკმაყოფილა ზაზა ოქუაშვილის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან მომჩივნის კუთვნილ 11 კომპანიაზე რაიმე სახით საკუთრების შეზღუდვას ან მის რეალიზაციის აკრძალვას. საგანგებო არბიტრმა მიიჩნია, რომ ზაზა ოქუაშვილმა ვერ დაამტკიცა, რომ ქართული მხარე ახორციელებს ან აპირებს რაიმე ზომების მიღებას მოსარჩლის კომპანიების და ქონების მიმართ და, შესაბამისად, საფრთხე, რომელზეც მოსარჩლე მიუთითებდა, იყო ჰიპოთეტური,” – წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იუსტციის სამინისტროსთვის, რომელიც საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა, გაუგებარია, რატომ შეაჩერა არბიტრაჟმა შპს ოჯთ-ის ქონების რეალიზაციის აღსრულება. სამინისტროში მიაჩნიათ, რომ აღსრულების შეჩერება, მით უმეტეს, გაუგებარია იმ ფონზე, როცა სააღსრულებლო ღონისძიებები 4 ოქტომბრიდან დღემდე არ აღსრულებულა.

“საგანგებო არბიტრმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩლის მოთხოვნა და გადაწყვიტა, რომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე სახეზეა დროებითი ზომების მიღების აუცილებლობა. თუმცა გაუგებარია, რა მიზანს ისახავს საგანგებო არბიტრის აკრძალვა, არ განხორციელდეს მომჩივნისა და მისი კუთვნილი კომპანია – შპს ოჯთ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული აღსრულების ღონისძიებები, ვინაიდან 2018 წლის 4 ოქტომბრიდან დღემდე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ისინი ისედაც არ განხორციელებულა”, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

უწყებისვე ცნობით, საგანგებო არბიტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ზაზა ოქუაშვილის ბრიტანელმა ადვოკატმა მიმართა იუსტიციის სამინისტროს და ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს მთავრობას. კერძოდ, მან მოითხოვა შეხვედრის ორგანიზება 24 საათის განმავლობაში და მოლაპარაკებების წარმოება დავის მორიგებით გადაწყვეტის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროცესის ესკალაცია, დავის გაგრძელება და საკუთარი ინტერესების დაცვისთვის ბრძოლა დააანონსა.

როგორც იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, საერთაშორისო დავაში ამ საქმეზე სწორედ ის წარმოადგენს საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, უწყებამ “უარი განაცხადა ამგვარ ულტიმატუმზე და შეახსენა ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს, რომ ბატონი ზაზა ოქუაშვილი საქართველოს მოქალაქეა, ის არის გადასახადების გადამხდელი, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე და ბიზნესმენი, ხოლო გადასახადების გადამხდელისათვის შეუსაბამო ქცევაა მთავრობისთვის 24-საათიანი ულტიმატუმების წაყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის გამოტანაც მოხდა არაგონივრულად მოკლე ვადებში მოსარჩლის მიერ შესაბამისი პროცედურების ბოროტად გამოყენებისა და სამართლიანი პროცესის პრინციპების დარღვევით,” – წერია სამინისტროს განცხადებაში.

“ომეგა ჯგუფის” ინფორმაციით, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურს ოჯთ-ის ქონების რეალიზაციის უფლება შეუჩრდა.

ნეტგაზეთთან საუბრისას კომპანიის გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი ამბობს, რომ “ომეგა ჯგუფის” მფლობელობაში მყოფი სიგარეტების ქარხნის ქონებას შემოსავლების სამსახურმა ჯერ ყადაღა დაადო, შემდეგ კი აღსრულებას გადასცა. მისივე თქმით, 22 თებერვალს აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიიღეს შეტყობინება, რომ ქონება იძულებით აუქციონზე გაიყიდებოდა.

“საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ საგანგებო გადაწყვეტილებით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოს მხარეს აეკრძალოს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ომეგა ჯგუფის თამბაქოს მთლიანი ქონების რეალიზება იძულებითი აუქციონის გზით უნდა მომხდარიყო”, – აცხადებს აღდგომელაშილი.


ფინანსთა სამინისტრომ 2018 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ “ომეგა ჯგუფში” შემავალ კომპანია ოჯთ-ის, ძირითადად თამბაქოს აქციზის გადასახადის გადაუხდელობის გამო, დავალიანების სახით 51 მლნ ლარი ეკისრებოდა. განცხადებაში ეწერა, რომ დავალიანება რამდენჯერმე განაწილდა, თუმცა კომპანიამ შეთანხმების პირობები დაარღვია. “ომეგა ჯგუფი” ხელისუფლებას ვალის რესტრუქტურიზებასა და შეღავათებს სთხოვდა.

კომპანიის თქმითვე, ხელისუფლება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ ტელეკომპანია “იბერია”, რომელიც “ომეგა ჯგუფის” მფლობელობაშია, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იყო. “ომეგას” საქმეზე შესაძლო რეკეტის შესახებ ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები გაავრცელა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა. საქმეში ფიგურირებენ სხვადასხვა მაღალჩინოსნები, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები. “იბერიამ” 2018 წელს შეწყვიტა საინფორმაციო მაუწყებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი