არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე “ოცნებას” მილიონზე მეტი შესწირეს

საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება. პოლიტიკურმა პარტიებმა კი უკვე დაიწყეს საარჩევნოდ თანხების მობილიზება.

არჩევნების თარიღი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 მარტს გამოაცხადა, მას შემდეგ კი “ქართულ ოცნებას” 1 001 000 ლარი შესწირეს. 2019 წლი პირველი მარტიდან 8 აპრილამდე პერიოდში კი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მხოლოდ 26 629 ლარი აქვს მიღებული, “ევროპულ საქართველოს” – 3 781.

“ოცნებას” 45 000 ლარი გადაურიცხა ბიძინა ივანიშვილის ძმამ ალექსანდრე ივანიშვილმა. მმართველ პარტიას 50 000 ლარი შესწირა “ქართუ ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ; ამავე ბანკის ფინანსურმა დირექტორმა გივი ლებანიძემ – 45 000 ლარი; ოპერაციების დირექტორმა დავით გალუაშვილმა – 40 ათასი ლარი,;  კომერციულმა დირექტორმა ზურაბ გოგუამ – 45 000 ლარი; რისკების დირექტორმა ბექა კვარაცხელიამ – 40 ათასი ლარი.

მმართველი პარტიის შემწირველებს შორის არის სს “არემჯი კოპერის” აღმასრულებელი დირექტორი დავით ბალანჩივაძე, რომელმაც პარტიას 60 000 ლარი გადაურიცხა. ბალანჩივაძეს ბოლო სამ რჩევნების წინ (მათ შორის სალომე ზურაბიშვილისთვის) ხელისუფლებისთვის 175 000 ლარი აქვს შეწირული.

19 მაისს თბილისში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში უნდა აირჩიონ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში- მერები. ამავე დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.