ახალი ამბები

დეპუტატთა ნაწილი რიგგარეშე სხდომის შეწყვეტას მოითხოვს

8 აპრილი, 2019 • 918
დეპუტატთა ნაწილი რიგგარეშე სხდომის შეწყვეტას მოითხოვს

დღეს, 8 აპრილს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იმართება. სხდომის დაწყებისას უკმაყოფილება გამოთქვეს როგორც ევროპული საქართველოსა და ენმ-ის, ასევე დამოუკიდებელმა წევრებმა.

მათი თქმით, რიგგარეშე სხდომის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ, რასაც პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს. ამის საფუძველზე, ისინი სხდომის შეწყვეტას ითხოვენ.

დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უნდა მოუსმინონ, რომელიც 2019 წლის პირველ იანვარს შემოღებულ საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრებს. მეორე საკითხი ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს ეხება, რომლითაც სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, პარლამეტის რეგლამენტი აპარატს ავალდებულებს, რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს როგორც ფრაქციაში შემავალ, ისე დამოუკიდებელ დეპუტატებს. სამადაშვილის მტკიცებით, სხდომის შესახებ მათთვის შეტყობინება არ გაუგზავნიათ.

“რეგლამენტის მიხედვით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში თითოეული პარლამენტის წევრი პირადად უნდა იყოს გაფრთხილებული სხდომის მოწვევის შესახებ. მნიშვნელობა არ აქვს, დამოუკიდებელი დეპუტატები არიან თუ ფრაქციაში შემავალი. სანამ სდხომა გაგრძელდება, ჩემი თხოვნაა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეიკრიბოს და იმსჯელოს, რამდენად უფლებამოსილია დღევანდელი სხდომა, რადგან ჩვენ წინასწარ არ გაუფრთხილებივართ,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, თუ სხდომა რეგლამენტის დარღვევით მოიწვიეს, მაშინ საპროცედურო კომიტეტი უნდა შეიკრიბოს და ამ საკითხზე იმსჯელოს.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ორმა დეპუტატმა, რომლებიც დარბაზში არ იმყოფებოდნენ, რეგისტრაცია გაიარეს. გოგორიშვილმა სხდომის თავმჯდომარეს სთხოვა, ამ დეპუტატების მიმართ შესაბამისი სანქცია გამოიყენონ.

“რეგისტრაცია აქვს გავლილი და აქ არ იმყოფება ზაზა პაპუაშვილი. რეგისტრაცია გაიარა, თუმცა იმ დროს დარბაზში არ იყო ემზარ მკოიანიც,”-ამბობს ხათუნა გოგორიშვილი. მანამდე გოგორიშვილი იმავეს გუგული მაღრაძეზეც ამბობდა, თუმცა მოგვაინებით დააზუსტა, რომ ამ ნაწილში შეცდომა მოუვიდა.

სხდომის გადადება მოითხოვა თინა ბოკუჩავამაც. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზეზი გახდა ის, რომ გვენეტაძეს მივლინებაში სურს წასვლა. დეპუტატის შეფასებით, ამ მიზეზით სხდომის მოწვევა საზოგადოების მიმართ უპატივცემულობაა.

“მოგმართავთ, რომ დღევანდელი რიგგარეშე სხდომა გაუქმდეს და გადაიდოს. მით უფრო, თუ მიზეზი არის კობა გვენეტაძის მივლინება. ხალხის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა ავალია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ის უნდა მოვიდეს მაშინ, როცა სხდომა უფლებამოსილი იქნება. თუ რიგგარეშე სხდომა ინიშნება იმის გამო, რომ დეპუტატები პულტის ღილაკებს ვერ არჩევენ, ჩემი აზრით, ეს არის სირცხვილი”,-ამბობს ბოკუჩავა.

სხდომის უფლებამოსილება ეჭქვეშ დააყენა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმაც. როგორც ის ამბობს, სხდომის შესახებ არც მას ჰქონდა ინფორმაცია.

“მეც არ მიმიღია შეტყობინება სხდომის გამართვასთან დაკავშირებით. უმრავლესობის წევრებზე არ ვიცი, თუმცა, როგორც ვხედავ, ოპოზიციასა და დამოუკიდებელ დეპუტატებს ეს ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამიტომ მეც  მიმაჩნია, რომ დღევანდელი სხდომა უფლებამოსილი არ არის”,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, 5 აპრილს ისინი გააფრთხილეს, რომ მომდევნო სხდომა 16 აპრილს გაიმართებოდა და რიგგარეშე სხდომის შესახებ წინასწარ არ შეატყობინეს.

სხდომის თავმჯდომარის, გია ვოლკის თქმით, პარლამენტის საიტზე რიგგარეშე სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. ამასთან, ვოლსკიმ პარლამენტის აპარატს დაავალა, მოიძიონ ინფორმაცია, სხდომასთან დაკავშირებით მიაწოდეს თუ არა ინფორმაცია დამოუკიდებელ დეპუტატებს.

“რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ ყოველ დეპუტატს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სხდომის შესახებ. თქვენ საიტებზე რას წერთ, არ ვიცი. გვაქვს მეილები და იქნებ იკადროთ და გამოაგზავნოთ. იმ საიტზე [პარლამენტის] შაბათ-კვირას რატომ უნდა შევიდე?! ვალდებულება მაქვს?! თქვენ უმრავლესობაში “ჩატი” რომ გაქვთ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენც “ჩატით” უნდა გვმართოთ”, – განაცხადა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი