ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი: ომის მუქარაზე სამშვიდობო დღის წესრიგით ვუპასუხებთ

8 აპრილი, 2019 • 1138
ფაშინიანი: ომის მუქარაზე სამშვიდობო დღის წესრიგით ვუპასუხებთ

“სომხეთთან და არწახთან [მთიანი ყარაბაღი] ომის დაწყების მუქარით საუბარი არ არის საჭირო. ომის მუქარაზე სომხეთი სამშვიდობო დღის წესრიგით უპასუხებს, საჭიროების შემთხვევაში კი, მშვიდობის იძულებით”, –  განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხურ მედიასთან კომენტარი გააკეთა ასევე, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, დავით ტონოიანმაც.

“ჩვენ არ გვსურს ომი, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კი საკუთარი არმია მშვიდობისთვის უნდა მოამზადოს”, – აცხადებს დავით ტონოიანი, სომხეთის თავდაცვის მინისტრი.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, ზაქირ ჰასანოვმა ქვეყნის შეირაღებული ძალების ქვედანაყოფებთან შეხვდრის დროს განკარგულება გასცა, რომ “მოწინააღმდეგე მხარის ყველა შესაძლო პროვოკაციაზე დაუყოვნებლივი პასუხი გასცენ და ნებისმიერ დროს იყვნენ მზად აქტიური საბრძოლო ოპერაციების დასაწყებად”.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთს ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ.

ფაშინიანისა და ალიევის პირველი ოფიციალური შეხვედრის შედეგები – ხედვა ერევნიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი