ახალი ამბები

პარლამენტში ჯერ არ იციან, რა თანხა დასჭირდება აკუსტიკის პრობლემის მოგვარებას 

8 აპრილი, 2019 • 2005
პარლამენტში ჯერ არ იციან, რა თანხა დასჭირდება აკუსტიკის პრობლემის მოგვარებას 

საქართველოს პარლამენტში ჯერჯერობით არ იციან, რა თანხა დასჭირდება სხდომათა დარბაზში აკუსტიკის პრობლემის გამოსწორებას.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, შოთა გოშაძემ განუცხადა, ამჟამად  “მიმდინარეობს პროექტირებაზე მუშაობა” და ამის შემდეგ გახდება ცნობილი  თანხის სავარაუდო რაოდენობა.

“როგორც თავმჯდომარემ განაცხადა, მუშაობა მიმდინარეობს და ზაფხულში გამოსწორდება ვითარება. ამაზე მეტი ინფორმაცია ჩვენც არ გვაქვს”, – განაცხადა გოშაძემ.

ამასთან, გოშაძე ვერ აკონკრეტებს, შესაძლოა თუ არა, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების და საზედამხედველო ფუნქციების არასათანადოდ შესრულების გამო.

“ხარვეზების მიზეზების გამოკვლევაზე მუშაობა მიმდინარეობს. სანამ პარლამენტი ქუთაისიდან გადმოვიდოდა, ამ დარბაზში 20-მდე კონფერენცია ჩატარდა. არანაირი პრობლემა ხმასთან დაკავშირებით აქამდე არ ყოფილა.  ტექნიკური ხარვეზი ყოველთვის შესაძლებელია გაჩნდეს, მით უმეტეს, სამუშაობი 5 წლის წინ ჩატარდა. ამ ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია”, – განაცხადა გოშაძემ.

მისი თქმით, პრობლემის მოგვარებისთის შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს დარბაზში აკუსტიკური ფილების დამატება.

საქართველოს პარლამენტი თბილისში სრულად მიმდინარე წლის იანვრიდან გადმოვიდა. მანამდე პლენარული სხდომები ქუთაისში ტარდებოდა. თბილისში გადმოსვლიდან მალევე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ დარბაზში აკუსტიკასთან დაკავშირებული პრობლემებია, განსაკუთრებითკი  ბოლო რიგებში მომხსენებლის გამოსვლა არ ისმის. დეპუტატმა ემზარ კვიციანმა დეპუტატებს 100-100 ლარის შეგროვება და დინამიკების ყიდვაც კი შესთავაზა.

“ევროპული საქართველოს” წევრი ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ აკუსტიკის პრობლემა ხელს უშლის მომხსენებლის მოსმენაში, თუმცა ამბობს, რომ ბოლო დროს დაფიქსირებულ, კენჭისყრასთან დაკავშირებულ ე.წ. შეცდომებს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ვინაიდან თითოეულ დეპუტატის მაგიდაზე განთავსებულია მონიტორი, სადაც ჩანს, რომელ კანონპროექტს ეყრება კენჭი, ვინ არის ინიციატორი და ა.შ.

“თავად დარბაზის რემონტი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და მე არ ვარ საქმის კურსში, როდის ხარისხიანად შესრულდა სარემონტო სამუშაოები და როდის – უხარისხოდ. ერთი რაც შიმიძლია ვთქვა, ესაა არის ამ ხელისუფლების ტრადიციული უნიათობა, როდესაც თავში აზრად არავის მოსვლია, ცარიელ დარბაზში და დარბაზში, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია, ხმას სხვადასვაგვარი შემოწმება ესაჭიროება. ქუთაისში მშვენიერი დარბაზი გვქონდა, მაგრამ მოსწრებაზე იყო თბილისში გადმოსვლა და ამიტომაც გამოვიდა უხარისხოდ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხათუნა გოგორიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადა, რომ ვერ მიიღებს ოპოზიციის კრიტიკას პარლამენტის სხდომათა დარბაზის რემონტზე ფულის ირაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებით.

“ლაპარაკობს ის ოპოზიცია, რომელმაც ნახევარი მილიარდი დახარჯა ქუთაისის შენობაზე და მოგეხსენებათ, რამდენად რაციონალური იყო ეს ხარჯი. რაც შეეხება ამ შენობის რემონტს, რომელიც განხორციელდა 2013 წელს, თუ არ ვცდები, თანხები დაიხარჯა მაქსიმალურად რაციონალურად და თქვენ ხედავთ, რომ დარბაზი არის შესანიშნავ მდგომარეობაში, თუმცა არის აკუსტიკის საკითხი, რაც მარტივად შეიძლება მოგვარდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პლენარულ სხდომათა დარბაზში აკუსტიკის პრობლემის მოგვარებას ორთვიანი სამუშაოები სჭირდება, რომელიც სესიების დასრულებამდე ვერ დაიწყება, ამიტომ პრობლემა მხოლოდ სექტემბრიდან მოგვარდება.


თბილისის პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობაზე გაწეულმა ხარჯებმა 22 732 346 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი პარლამენტის აპარატმა განახორციელა გამარტივებული შესყიდვის (ერთ პირთან მოლაპარაკების გზით) გზით – რაზეც გაიხარჯა 16 479 613 ლარი. ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა 5 656 468 ლარის ღირებულების შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით – 410 265 ლარის შესყიდვა, ხოლო კონკურსის გზით – 186 000 ლარის შესყიდვა.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ მასშტაბის სამუშაობის ჩატარება საჭირო არ გახდებოდა, პარლამენტის ქუთაისში გადატანის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას თბილისის სხდომათა დარბაზის ინფრასტრუქტურა რომ არ გაენადგურებინა.

ამავე თემაზე:

პარლამენტმა კანონპროექტი, რომლითაც სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდებოდა, ჩააგდო

 

კვიციანი დეპუტატებს სთავაზობს, დინამიკების შესაძენად 100-100 ლარი შეაგროვონ

მასალების გადაბეჭდვის წესი