ახალი ამბები

სიცრუეა, თითქოს “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები აფეთქების ადგილზე აალებამდე მივიდნენ – კომპანია

7 აპრილი, 2019 • 1302
სიცრუეა, თითქოს “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები აფეთქების ადგილზე აალებამდე მივიდნენ – კომპანია

კომპანია “ყაზტრანსგაზი” თბილისში, დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს მისი წარმომადგენლები აალებამდე იმყოფებოდნენ ადგილზე.

“კომპანიის ცხელ ხაზზე ზარი კორპუსში გაზის სუნის შესახებ შემოსულია 11:50:32 – ზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გასულია 11:55:27 ხოლო ადგილზე ჯგუფი მივიდა 12:11:07 საათზე, აალება მოხდა 12:10 საათზე. შესაბამისად გავრცელებული დეზინფორმაცია იმის შესახებ რომ კომპანია “ყაზტრანსგაზი თბილისი”- ს წარმომადგენლები შემთხვევამდე ადგილზე მივიდნენ 30 წუთის დაგვიანებით სიცრუეა და ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს თითქოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი აალებამდე იყო მისული და დათვალიერების შედეგად გაზის სუნი ვერ აღმოაჩინა. ვთხოვთ მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – აცხადებს კომპანია.

კომპანია მანამდე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევით იყო გამოწვეული.

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება და ნგრევა მოჰყვა. შემთხვევა დღეს, 7 აპრილს მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება სადარბაზოს მესამე სართულზე მოხდა, რის შედეგადაც სამი ბინის შიდა და გამყოფი კედლები ჩამოინგრა.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი, მათ შორის, შვიდი თვის ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი